ბესიკ ხარანაული – “ზეიმის დროს ვის ახსოვს ტკივილი?!”
ადრე პატარაობაში,”სვებედნიერ”,სიხარულისგან გაბრწყინებულ ადამიანებს რომ ვუყურებდი,მიკვირდა,როგორ შეეძლოთ სულ ეცინათ (არ მიყვარდა სიცილი,რადგან არ მჯეროდა მისი)… მერე მივხვდი,რომ სიცილი ნიღაბი იყო.მათ მიღმა რამდენი ადამიანის სახე სველდებოდა ცრემლებით… ამ,ცრემლებგაუმტარი და კმაყოფილი ნიღბების მიღმა რამდენი ადამიანის გული ითხოვდა თანაგრძნობას,სიყვარულს?!. რომ შეხებოდი მათი სულის სიმებს,რამდენი სევდიანი ნოტი გამოერეოდა მათ შორის?!. უბრალოდ,ადამიანებს აშინებთ სულის გაშიშვლება და უსაფრთხოებისთვის ნიღბებს იფარებენ. (ავტორი გენია.ჯი) ადამიანებს აშინებთ სულის სიშიშვლე (ეს,ალბათ,ქვეცნობიერი შიშია სისაწყლის,სივალალის).ერთადერთი,ვისაც უფლება აქვთ ამ უუფლებო სამყაროში,სულიაც ისეთივე შიშველი და სააშკარაოზე გამოტანილი ჰქონდეთ,როგორც სხეული,ეს ის ადამიანები არიან,ვინც ღვთის რჩეულებად ითვლებიან… ჩვენ კი,უბრალო მოკვდავები,მათ მათხოვრებს ვეძახით… მათი ყოველდღიური ცხოვრება აღსარება და მონანიებაა… მათ შეუძლიათ გაშიშვლებული სული ყველას ანახონ… მათ დაჟინებულ,სევდიან,შიმშილით და უპატრონობით დაღლილ მზერაში მთელი მათი უიღბლო ცხოვრება მოჩანს… ჩვენ გვეშინია მათ თვალებში ჩახედვის,რადგან მათში ჩვენსავე გაშიშვლებულ სულს ვხედავთ… როგორც სარკეში,რომელსაც პოეტმა სილვია პლათმა “პატარა ღმერთის თვალი” დაარქვა… გვეშინია,სენტიმენტალიზმი სისუსტედ არ ჩაგვეთვალოს… თუმცა მეეჭვება,რომ ადამიანს,ამ საიდუმლოებებით მოცულ ცხოვრებაში,იმის განსჯა შეეძლოს,თუ ვინ არის სუსტი და ვინ ძლიერი.
“მე გამოგარჩიენ თქუენ სოფლისაგან,ამისთვის სძულთ თქუენ სოფელსა”.რაღა საჭიროა ბრდღვიალა და ფუფუნებით მოსილი ტაძრები,თუკი იქამდე მისასვლელი გზები მათხოვრებით იქნება დაფარული? ღმერთი მოოქროვილ ტაძარში კი არა,იქ იმკვიდრებს ადგილს,სადაც ადამიანთა ტანჯვა-ვაებაა… განა ღმერთს ასეთი გემოვნება აქვს? ოქროებს და ზიზილ-პიპილოებს ირჩევს? ან თუ ჰყავს ღმერთს შვილი დედამიწაზე,როგორ გგონიათ,სად იქნება ის? ამ ბოლო ხანებში ერთი კითხვა ამეკვიატა: განა ღმერთს მიწაზე შვილი არა ჰყავს? განა ღმერთი არ ეძიებს თავის შვილს? და, აი,ერთ დილას,აზრისა და გრძნობის ერთდროულმა დარტყმამ გამომაღვიძა: ღმერთი ეძებს შვილს და პოულობს მას ნაგავსაყრელზე”.
ზეიმის დროს ვის ახსოვს ტკივილი?! გაჩახჩახებულ სუპერმარკეტის კართან ატუზული ფერმკრთალი ლანდები.სასოწარკვეთილებისაგან სახეგახევებულები,ზურგგახევებულები,მხრებჩამოყრილები… სიცივისაგან მობუზულები.ცივ ამინდს ადამიანთა უგულობაც უფრო აუტანელს ხდის… დგანან. ხარბად რომ ყნოსავენ სუპერმარკეტის თბილ სუნს… ზომაზე უფრო დიდი და გახუნებული ტანსაცმელი რომ აცვიათ.თავს უხერხულად,დარცხვენილად რომ გრძნობენ და არ იციან,სად წაიღონ გახევებული და სიცივისაგან გათოშილი ხელები,რომლებშიც ხურდები ჩაუბღუჯავთ.ხან ხურდას ჩააშტერდებიან,ხან ზეცას ახედავენ… არც მზერა იციან სად წაიღონ… გამვლელებს აშტერდებიან,რომ აგრძნობინონ მზერა… მათ უკვე იციან,რომ ცრემლებით ამ უგულო სამყაროს გულს ვერ აუყუჩებ… ჩვენ კი თვალს ვარიდებთ… გვრცხვენია… მათ ნაღვლიან სულში სიტყვისთვის ადგილი აღარ არის. (ავტორი გენია.ჯი) არ ვიცით,რა გადახდათ თავს,რის შემდეგ აღმოჩნდნენ ქუჩაში ხელგაშვერილები… გული მეკუმშება,მაგრამ როგორ შემიძლია გადმოვცე ის,რაც არასდროს განმიცდია? ერთადერთს,ძაღლსღა შეუძლია მათხოვრის ძაღლური ცხოვრება გაიზიაროს.ბავშვობა ხომ დაგროვების პროცესია.ესენი კი რას აგროვებენ,მშიერი თვალებით?.. შხამს,ტკივილს,ზიზღს,რომელიც სიბრალულზე მეტია… უცხო თვალების სისასტიკეს…
თუ გინდა გადარჩე და თავი დაიმკვიდრო,ინერტული უნდა გახდე და სიცილი ისწავლო.უნდა დაივიწყო ცხოვრებისგან გათელილი ადამიანები.ღია ცის,ადამიანთა დარდით გავსებულ ცის ქვეშ მყოფ უსახლკაროთა გაყინული გვამები და ისინი ოდენ გზის სავალი ნაწილის ბარიერად მიიჩნიო… უნდა გეშინოდეს მათხოვრის თვალებში ჩახედვის,რათა ძლივს ჩაძინებულ სინდისში თვალებივით არ მოაფათუროს თავისი ჭუჭყიანი ხელები… ამბობენ,რომ ცხოვრებისეული დარტყმები სულს იმუნიტეტს ანიჭებს და სიცილს ასწავლისო,ან სიცილის ნიღაბს არგებსო.თუმცა,არსებობს სხვანაირი სიცილიც.მათი სიცილი,ვინც ამ შეუბრალებელ ქვეყანაზე სიცილი ვერ ისწავლა.”იმიტომ იცინი დარლ,რომ სიცილს ვერ იტან?!” – მიმართავს უილიამ ფოლკნერი თავის ყველაზე მგრძნობიარე და, ამდენად ჯვარცმულ,პერსონაჟს,დარლს,რომელსაც გული ჰქონდა ნატკენი ყველაფრისაგან: სიყვარულისგან,ამქვეყნიური უსამართლობისგან… ბოლოს ის გაგიჟდება და ყველაფერზე უაზროდ იცინის: “როცა სული ამოდიოდა”.უილიამ ფოლკნერს მართლაც გენიოსის ალღო კარნახობდა იმ უმარტივეს ჭეშმარიტებას,რომ თუ გინდა გადარჩე ამ სამყაროში და “საზოგადოების” სრულფასოვანი წევრი გახდე,რადაც არ უნდა დაგიჯდეს,უნდა ეცადო,უნდა ისწავლო სიცილი… (ავტორი გენია.ჯი)