თემურ ელიავა – “გალაკტიონს ნუ მიკითხავ,დამღალა”

გალაკტიონს ნუ მიკითხავ,დამღალა,

გაიტანეთ ოთახიდან წიგნები!

ზამთრის კვნესა მიწას სხივმა ახარა,

შენ ამ დღიდან გაზაფხული იქნები.

***

მინდა შენი ფერიების სიმღერა,

რომ მთვარეულს,ბოლო მთვარეს გპარავდე.

დამასიზმრე მზის ფიალა სხივებად,

მიმიყვანე შორი ტაძრის კარამდე.

***

დავასრულე ფუჭი ღამის ტრაური,

ალიონის დიად სივრცეს ვეღირსე.

გამოაღეთ კარიბჭენი ტაურის,

ვაგვიანებ ანგელოზთა მეჯლისზე.

***

ფიქრმა ქუჩა ტირიფებად დახარა,

ოთახიდან გატანილი სამყარო,

სახარებას ნუ მიკითხავ დამღალა…

მზეზე მინდა გესაუბრო მაღალო!

***

მინდა ღამე,ოღონდ ღამე უძილო,

მინდა მთვარით ცად დასმული წერტილი,

მინდა ფიქრი,ტბაზე ჩემი უძირო,

ზეცა მინდა,ოღონდ  ფეხქვეშ თელილი.

***

 მიწის გუნდას მზის ამოთხრილს სიღრმიდან

გუმბათებზე სხივთა ცეკვა უგალობს.

იუდას რომ სული ვერცხლად უღირდა,

თავმდაბლობა ნახე მისი,უფალო.

***

დარჩა ქუჩა გიჟი მარტის ამარა,

დარჩნენ ქარში გაცვეთილი წიგნები,

ზამთრის კვნესა მიწას სხივმა ახარა.

შენ ამ დღიდან გაზაფხული იქნები.