ოთარ შალამბერიძის მოგონებებიდან – “გალაკტიონის შესახებ”…

ვერის ხიდს რომ მივუახლოვდი,უცებ მონუსხულივით შევჩერდი.ხიდის თავთან ზორბა ტანის კაცი იდგა,ეხურა საზაფხულო თეთრი შლაპა,ეცვა ასეთივე თეთრი,ფართოჯიბეებიანი ხალათი და განიერი შარვალი.იდაყვებით მოაჯირს დაყრდნობოდა,მარჯვენა ხელის თითები გაბანჯგვლულ წვერში ჩაეყო,იბურჯგნიდა… და მტკვარს გასცქეროდა.

რაღა ცნობა უნდოდა დიდ გალაკტიონს?!

არ ვიცი,უფრო რამ შემაგულიანა: პირველი წიგნის საავტორო ეგზემპლარმა თუ საქართველოს პირველი პოეტის დიდებულმა უბრალოებამ,გენიოსებს რომ სჩვევიათ ხოლმე. (ავტორი გენია.ჯი) გაგონილი მქონდა,გალაკტიონს უყვარს უცნობ პირებთან გასაუბრება,გაშინაურებაც კიო.

ასე იყო თუ ისე,გავკადნიერდი და მისვლისთანავე გაზეპირებულივით ვთქვი:

- მაპატიეთ,ბატონო გალაკტიონ,ძალიან მინდა,მოგესალმოთ და პირადად გაგიცნოთ ჩვენი დროის… არა,ჩვენი კი არა,ყველა დროის უპირველესი მგოსანი.

მთელი სხეულით შემობრუნდა.დამინახა თუ არა,სახე გაებადრა,თითქოს ნაცნობი ვიყავი.ჯერ თავი დამიკრა,მერე ხელი ჩამომართვა:

- კეთილი,ყმაწვილო,კეთილი… ოღონდ შევთანხმდეთ, – (ამ დროს ის ხელი უკვე ჩემს მხარზე ედო) – რომ რუსთაველის შემდეგ ყველა დროის პირველი პოეტი აკაკია,არა?

ვიგრძენი,სახე როგორ ამელეწა.მაინც მოვახერხე,მეპასუხა,მე ცოცხალი პოეტები ვიგულისხმე-მეთქი.

-რა გვარი ხარ,ძამიკო?

ასე თქვა – “ძამიკოო!”

- ოთარ შალამბერიძე ვარ, – ვუპასუხე და ეგზემპლარებიანი საქაღალდე ხელიდან ხელში გადავანაცვლე.წამით გავიფიქრე,ჩემი პირველი წიგნი ხომ არ ვაჩუქო-მეთქი,მაგრამ ფიქრი აბეზარი კრაზანასავით ჩამოვიშორე… არც ისეთი კადნიერი გახლდით.ამ დროს თავისთვის ჩურჩულებდა:

 - დიდებულია!.. მშვენიერია!..

ვერ მივხვდი,რა იყო დიდებული და რა – მშვენიერი.ის კი განაგრძობდა:

- ცოცხალი პოეტები… – ისევ მომიბრუნდა, – განა შოთა,გურამიშვილი,ილია,აკაკი,ვაჟა ცოცხლები არ არიან?.. განა მათ სიკვდილი მოერევათ?.. ცოცხალი… სიცოცხლე… კარგია!.. მშვენიერია…

- დიახ,ბატონო გალაკტიონ, – ჩავურთე მე, – ვინ გაიგონა,რუსთაველი და მშვიდი?.. დამშვიდდება ვაჟა?.. “წიწამურში რომ მოკლეს ილია”…

არ ვიცი რას შეეძლო ჩემი გაჩერება.ამასობაში ხიდი გადავიარეთ და გამომცემლობა “საბჭოთა საქართველოსთან” შევჩერდით.

- ძამიკო,მე აქ დაგემშვიდობებით, – თქვა და ისევ ჩამომართვა ხელი.

- გმადლობთ,ბატონო გალაკტიონ,თქვენთან შეხვედრა ჩემთვის ნამდვილი ღვთის წყალობა იყო.

- ოჰ,ოჰ,ოჰ,ცოცხალი პოეტები… სიცოცხლე… მშვენიერია!.. მშვენიერი!.. აბა,მშვიდობით,ძამიკო!..

ორივე ხელი აღმართა,უმალვე ჩამოუშვა და ქუჩის მოპირისპირე მხარეს გადავიდა.

გავიდა წელიწადზე ცოტა მეტი და ქვეყანას საზარელი ამბავი მოედო,გალაკტიონმა თავი მოიკლა. (ავტორი გენია.ჯი)