ვაჟა ხორნაული – “როგორ ამშვენებს”
“ბინდისფერია სოფელი
უფრო და უფრო ბინდდება” -
ამ სასწაულის გამგონეს
რა სიბრძნე გაგიკვირდება?!
როგორ ამშვენებს სამყაროს
მიზეზი დარდის ლხენისა -
მშვენიერება უთქმელი
სოფლისა ბინდისფერისა.
***
“რა არი ჩვენი სიცოცხლე
ჩიტივით გაგვიფრინდება” -
იტყვი და გულის სიღრმეში
ეს ფიქრი გაგიბრწყინდება:
როგორ ამშვენებს სამყაროს
ხატი მზისა და ჩრდილისა -
მშვენიერება სიცოცხლის
ჩიტივით გაფრენილისა.