ჰაროლდ პინტერის მოსაზრებები…
“ამერიკის შეერთებული შტატები უდავოდ მთავარი მოთამაშეა. კი არის ულმობელი, გულცივი, სასტიკი, მაგრამ ჭკვიანიც გახლავთ. და კიდევ ერთობ თავისებური მოვაჭრეა: ის წარმატებით ვაჭრობს საკუთარი თავის სიყვარულით. და გამარჯვებულიც ის არის. დააკვირდით, რამდენჯერ ახსნებენ “ამერიკელ ხალხს” ტელევიზორის ეკრანიდან ამერიკის პრეზიდენტები: “მივმართავ ამერიკელ ხალხს, რომ დადგა დრო ლოცვისა და ამერიკელი ხალხის უფლებათა დაცვის ჟამი და მე ვთხოვ ამერიკელ ხალხს, ენდოს თავის პრეზიდენტს და მხარი დაუჭიროს მის ქმედებას, რომელიც ამერიკელი ხალხის საკეთილდღეოდ არის მიმართული”. – მართლაც ბრწყინვალე ფანდია! აქ ენა აზრის დასაფარავად გამოიყენება. სიტყვები “ამერიკელი ხალხი” კარგი სატყუარაა. ბევრი ფიქრი არ სჭირდება კაცს. გადაწექი ბალიშზე და მიეცი ნეტარებას! მერე რა, რომ ეს ბალიში ახშობს შენს აზროვნებას, შენს უნარს კრიტიკულად შეაფასო მოვლენები, სამაგიეროდ მოხეხრხებული ხომ არის უდავოდ!”
* * *
“ამერიკის შეერთებული შტატები აღარ დაგიდევთ დაბალი ინტენსივობის კონფლიქტებს. აღარაფერში სჭირდება თავშეკავება ან რაიმეს მიკიბ-მოკიბვა. ის ახლა თამამად მოქმედებს, უშიშრად და დაუფარავად. აშშ-ს, უბრალოდ, არ ანაღვლებს არც გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, არც საერთაშორისო კანონმდებლობა და არც განსხვავებული აზრი. ამ უკანასკნელს უსუსურად და უადგილოდ მიიჩნევს. გარდა ამისა, მას ერთი პატარა ბეკეკაც ჰყავს, რომელსაც საბელით მიათრევს და რომელიც ერთობ საწყალობელი და ინერტული ვინმეა: დიდი ბრიტანეთი”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“როდესაც სარკეში ვიყურებით, გვეჩვენება, რომ გამოსახულება ზუსტია, მაგრამ, აბა, ერთი მილიმეტრით მაინც გაიწიეთ განზე და უსასრულო ჯაჭვს შევყურებთ. მწერალმა ზოგჯერ უნდა დაამსხვრიოს სარკე, რადგან ჭეშმარიტება შეიძლება სარკის მიღმა იმალებოდეს”.
* * *
“აშკარა ინტერვენცია სუვერენულ სახელმწიფოში, ფაქტობრივად, არასდროს ყოფილა ამერიკის ჩვეული მეთოდი. ის იმას უფრო ანიჭებს უპირატესობას, რასაც თავად “დაბალი ინტენსიურობის კონფლიქტს” უწოდებს. “დაბალი ინტენსიურობის კონფლიქტში” კი ის უნდა ვიგულისხმოთ, რომ ათასობით ადამიანი კვდება, კვდება ნელა, დიდხანს და არა ისე, როგორც მხეცური დაბომბვის დროს. ეს იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფოს გული დაავადო, ხელი შეუწყო იქ ავთვისებიანი სიმსივნის ზრდას და თვალი ადევნო მის ლპობას. და მაშინ, როცა მოსახლეობა დამორჩილებულ ანდა სასიკვდილოდ განწირულია და როცა ძალაუფლებას შენი საკუთარი მეგობრები, სამხედროები და დიდი კორპორაციის მფლობელები დაჰპატრონებიან, შენ კამერის წინ აცხადებ, რომ დემოკრატია ზეიმობს”.
* * *
“პოლიტიკოსთა უმრავლესობას აინტერესებს არა ჭეშმარიტება, არამედ ძალაუფლება და ამ ძალაუფლების განმტკიცება-შენარჩუნება. ძალაუფლება რომ განიმტკიცონ, ხალხი უთუოდ უმეცარი უნდა იყოს, არ იცოდეს სიმართლე – სიმართლე საკუთარ ცხოვრებაზეც კი. ჩვენ ტყუილების გაუვალ ქსელში ვართ გახლართული და სიცრუით ვსაზრდოობთ”. – (ავტორი გენია.ჯი)