ვაჟა ხორნაული – “პირველად”

მოწყენას მისას როდესაც გრძნობენ,

იქუფრებიან თვალები ნისლით,

თუ გავამსხვრიე განგების ღობე,

პირველად დედის ჭაღარას ვიხსნი.

***

ფიქრები ღლიან ისედაც დაღლილს,

სამრეკლოსავით ფერმკრთალს და ხნიერს,

თუ დეკემბერშიც აენთო ბაღი,

პირველად დედას დავუკრეფ იებს.

***

დედის მანდილში აპრილი გალობს,

ვით დაფიონი ფხოვეთის მთებში,

თუ უკვდავების ვიპოვე წყარო,

პირველად დედას მივუტან პეშვით.

***

ნანინას ნამი აკვანზე ელავს,

როგორც რტოებზე ღიმილი ფესვთა,

თუ სივრცეებში შევძელი ფრენა,

პირველად დედას ავიყვან მზესთან.