უილიამ შექსპირი – “სონეტი XIX”

დროო მტარვალო,ლომის კლანჭებს ნუ ლესავ რისხვით,

ჩვენ უშენოდაც ვერ ავცდებით მტაცებლის კბილებს:

ფენიქსსაც დაწვა უწერია თავისი სისხლით

და მიწის ლუკმად გადაქცევა მიწიერ შვილებს.

***

რაც გსურს,დამართე დღეს და ღამეს,ბნელსა თუ ნათელს,

შენი ნებაა – რა მოსპო და სად რა ამრავლო,

შენ წუთისოფლად ბატონობას არავინ გართმევს,

ოღონდ ეს ერთი მე მაჩუქე,დროო ფრთამალო! -

***

ოღონდ ჩემს სატრფოს ნუ დაამჩნევ წელთა მრავლობას,

შენ მის სახესთან შეაყოვნე ოღონდ დინება,

რომ შენს ქროლაში შეენახოს შთამომავლობას

მარადიული სილამაზის გამოვლინება.

***

და თუ წაგძლიეს მისკენ მაინც ავმა ფიქრებმა,

ის ჩემს ლექსებში ახალგაზრდა მარად იქნება…