ვაჟა ხორნაული – “მგელი”

ადამიანთან შედარებით

მტრედია მგელი

და ამიტომაც ეს ცხოვრება

ძნელია,ძნელი.

***

მგელი მგლებისთვის იმედია

თანაც მარადი,

წინაპრის ანდერძს არ ეპყრობა

როგორც ჯალათი.

***

იცნობს და ებრძვის

დაუნდობელ მოდგმას მტრებისას

და ამიტომაც უკვდავია

ჯიში მგლებისა.

***

მგელს შენატრიან ფლიდი მელა,

დათვი დებილი,

ვერ უსხლტებიან კაცს და სიკვდილს

ქარში მგლებივით.

***

თუ არ ივარგე

კაი ყმის და არწივის გვერდით,

ვინ მოგიხსენებს

მითხარი ერთი.

***

არ გაუცვლია დედის რძე და

მამის ხალათი,

არც მგლების მხარე დაქცეულა,

მგლების ღალატით.

***

დაკაწრულია მისი გული

დარდის ეკლებით,

ვაითუ ტყვიამ შეიწიროს

სტკივა ლეკვები…

***

ხაფანგი თოვლში,

გაჩეხილი ძველი მუხრანი,

ყმუილი სავსე სინანულით,

ცრემლი მდუღარი.

***

მგლის პირფერობა ვის სმენია

ანდა-წუწუნი,

გზას მიუყვება

მეათასე პაპის ძუნძულით.

***

ამიტომ მოჩანს

კაი ყმის და არწივის გვერდით,

ბრძენია კაცი და ათასჯერ

ბრძენია ღმერთი…

***

ადამიანთან შედარებით

მტრედია მგელი

და ამიტომაც ეს ცხოვრება

ძნელია,ძნელი.