ვაჟა ხორნაული – “ვინ რას გაუგებს სიყვარულს”

ვინ რას გაუგებს სიყვარულს,

როგორც ჰაერის შრიალსა,

როგორც ვარსკვლავთა ნათებას

და წყაროების წკრიალსა.

***

ვინ რას გაუგებს სიყვარულს,

როგორც საწუთროს ტიალსა,

როგორც ღრუბლების სიჩუმეს,

უმზეოსა და მზიანსა.

***

სულ სხვა სამოსელს ჩაგაცმევს,

მსუბუქსა,როგორც ნიავსა,

სულ სხვა სიმღერებს გამღერებს,

მტრედის და მერცხლის ფრთიანსა.

ყინულზე მოგაკრეფინებს,

ენძელასა და იასა…

***

ვინ რას გაუგებს სიყვარულს,

როგორც სიღრმეებს ცისასა,

ან – როგორც მშვენიერებას,

სიცოცხლე-სიკვდილისასა.