ივანე ჯავახიშვილის ნააზრევი…
„ქართველ საზოგადოებას კრიტიკულად რომ შეესწავლა ისტორია, შეეძლო ბევრი შეცდომა აეცილებინა თავიდან და ჩვენ მოქმედებას და პოლიტიკას გარკვეული, მტკიცე ხასიათი ექნებოდა”.
* * *
„ხალხს, რომელსაც წარსულში განვითარების უმაღლეს წერტილამდე არ მიუღწევია, ყოველთვის შეუძლია შეითვისოს უმაღლესი კულტურა და განათლებულ ერთა შორის საპატიო ადგილი დაიჭიროს”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ერთი ვექილი და ერთი მოსამართლეც არ მოიპოვება თითქმის, რომელსაც ქართული კანონმდებლობა მეცნიერულად შესწავლილი ჰქონდეს”.
* * *
„წარსულის კულტურაში საუკეთესო და საქებური თვისებებია მისაბაძი, ისეთი თვისებები, რომელთა ღირსებაც საუკუნეთა განმავლობის განსხვავებისდა მიუხედავად ეხლაც ცხადად მოჩანს”.
* * *
„რამდენადაც ასურულ წყაროებიდან სჩანს, ქართველები ჩვ.წ.აღ-მდე 1100 წლამდე, ვიდრე მათ ასურეთის ბატონი ტიგლიტ-პილესარ I დაამარცხებდა, უძველეს ერად ითვლებოდა. თვით ასურეთის მეფე ამბობს, მუსიკები ჯერ არც ერთ მეფეს არასდროს არ დაემარცხებინაო. მაშასადამე, წინათ ქართველები არამც თუ დამოკიდებულნი უნდა ყოფილიყვნენ, ძლევამოსილ ერის სახელიც ჰქონიათ მოხვეჭილი”.
* * *
„ქართველი ერი ქრისტეს წინათაც მრავალი საუკუნის განმავლობაში ცხოვრობდა ისტორიულად, ვითარცა განვითარებული და წარმატებული მოქალაქეობის მქონებელი ეროვნება”.
* * *
„წარმოიდგინეთ XII საუკუნის უმაღლესმა სახელმწიფო ძლიერებამ და პოლიტიკურმა ერთობამაც-კი ვერ გააქარწყლა სამუდამოდ სათემო განცალკევებისადმი მიდრეკილება, დრო გამოშვებით ამგვარი კერძოობის გრძნობა და პროვინციალურ განცალკევების წადილი თავს ამოჰყოფდა და თავის გესლიან ნაყოფს გამოიტანდა ხოლმე. ქართველმა ერმა თავის ხანგრძლივ ისტორიულ ცხოვრების განმავლობაში დიდი ძალღონე შეალია ამ განცალკევების წინააღმდეგ ბრძოლის დროს”.
* * *
„ადამიანის სულიერი ბუნება იმგვარია, რომ ეროვნული გრძნობა უცხოობაში უფრო ცხოველდება ხოლმე; ხოლო საღს ეროვნულს სხეულს ისეთი თვისება აქვს, რომ რაც უფრო ბევრი ბრძოლა მოუხდება სხვათა ეროვნულ მძლავრ გრძნობასთან, ეროვნული გრძნობა უფროდაუფრო გაკაჟდება და თვითშემეცნება უფრო გარკვეული და მკაფიო ხდება. ეროვნულ დევნას მუდამ დევნილთა უფრო მჭიდრო შეკავშირება და შეერთება მოჰყვება ხოლმე შედეგად, სწორედ ამიტომაც იყო, რომ უცხოეთში მცხოვრები ქართველი ბერები ცდილობდნენ ერთი-ერთმანეთთან დაახლოებას და ერთ ადგილას თავ მოყრას”. (ავტორი გენია.ჯი)