ვაჟა ხორნაული – “ეს სიბრძნე მიწის სახეზე”
ეს სიბრძნე მიწის სახეზე
და ცის თვალებზე წერია:
მას შეგახვედრებს უფალი,
ვინც ბედისწერით შენია.
ვინც შენით ისე იხარებს,
ცას მიუწვდება ხელია,
ვისთვისაც წუთი უშენოდ,
სიკვდილზე უფრო ძნელია.
ვისაც არ დაენანება,
შენთვის სიცოცხლის დღენია,
შენი ტაძრისთვის იქნება,
ოქროს ფუძე და ჭერია,
ვისთვისაც უსიყვარულოდ,
წუთისოფელი მტვერია…
***
ეს სიბრძნე მიწის სახეზე
და ცის თვალებზე სწერია,
მას შეგახვედრებს უფალი,
ვინც ბედისწერით შენია.