პატენტის ისტორიიდან…
პატენტი – ლათინური წარმომავლობის მქონე სიტყვაა და “გახსნილად მყოფს” (ანუ საზოგადოებისათვის მისაწვდომს) აღნიშნავს.იგი წარმოადგენს ექსკლუზიური უფლების პაკეტს,რომელსაც სახელმწიფო ანიჭებს პიროვნებას (როგორც წესი გამომგონებელს) დროის გარკვეული ფიქსირებული პერიოდის განმავლობაში და რომელიც მოიცავს გამოგონების შესახებ გარკვეული დეტალების,მეთოდის,პროცესისა და შემადგენლობის საზოგადოებისთვის გამხელას.
უძველესი პერიოდიდან,ხელოსნების გარკვეული ნაწილი საიდუმლოდ ინახავდა ამა თუ იმ ნაწარმის შექმნის საიდუმლოებას,რაც იმთავითვე ემსახურებოდა მათ მიერვე მონოპოლიური გამოგონების საიდუმლოდ შენახვის გარანტიას. (ავტორი გენია.ჯი) ადრეული ეპოქებიდან შუა საუკუნეებამდე,ტალანტური გამომგონებლებისა და ოსტატების ბედი,არც თუ ისე სახარბიელო იყო.მაგალითად ავიღოთ – არქიტექტორები: ამის თვალნათელი მაგალითი ჩვენი უწმინდესი საუნჯის – “სვეტიცხოვლის” ამგები – არსუკისძეცაა,რომლის შესახებაც გენიალური ნაწარმოები – “დიდოსტატის მარჯვენა” დაწერა დიდმა ქართველმა კლასიკოსმა მწერალმა კონსტანტინე გამსახურდიამ.კაცს,რომელმაც ქართველ ხალხს – “სვეტიცხოველი” აუგო,მკლავი მოსჭრეს იმისათვის,რომ სხვაგან ანალოგიური ქმნილება არ აეგო.თუმცა,ასეთივე ფაქტები,მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებშიც მრავლად გვხვდებოდა.რიგი ეროვნების არქიტექტორებს,მას შემდეგ რაც უნიკალურ ქმნილებებს ააგებდნენ,ან ხელებს ჰკვეთდნენ,ან კიდევ თვალებს სთხრიდნენ (აბრმავებდნენ).ასეთი საშინელი მოვლენები ისტორიაში ძალიან ბევრია.თუმცა,იგი,მხოლოდ არქიტექტორების პრობლემა არ ყოფილა.იყო შემთხვევები,როდესაც ვენეციელ მინის დამზადების საუკეთესო ოსტატებს,იმისათვის რომ შესანიშნავი ვენეციური მინის დამზადების საიდუმლო არ გაეთქვათ,კუნძულ მურანოზე მდებარე ციხეში სამუდამო პატიმრობას უსჯიდნენ.
უძველესი ჩინელები,რომელთათვისაც აბრეშუმის წარმოება ეროვნულ სიამაყესთან იყო გათანაბრებული,მისი დამზადების წესს,განსაკუთრებული საიდუმლოებით იცავდნენ.აბრეშუმის დამზადება,ლეგენდის თანახმად,ჩინელებმა ჯერ კიდევ ნეოლითის ხანაში (V-III ათასწლეულში დაიწყეს) და მის ფუძემდებლად “ყვითელი იმპერატორის” მეუღლე მიიჩნევა.ის ვინც,უცხოელზე აბრეშუმის დამზადების საიდუმლოს გათქვამდა სიკვდილით ისჯებოდა.სწორედ ეს გახლდათ მიზეზი იმისა,რომ საუკუნეების მანძილზე ჩინელების გარდა არავინ იცოდა აბრეშუმის დამზადებისა და წარმოების წესი.იმისათვის,რომ რიგ ქვეყნებს ამა თუ იმ ნაწარმის დამზადების საიდუმლო შეეტყო,სპეციალურად ჯაშუშურ საქმიანობას მიმართავდა.დროის გასვლასთან ერთად,ძალიან რთული ხდებოდა გამოგონებების საიდუმლოდ შენახვა და დაცვა.ზემოაღნიშნულმა ფაქტებმა,ქვეყნებსა და გამომგონებლებს საბოლოოდ გადააწყვეტინა ის,რომ თავიანთი გამოგონებები თავიანთივე სახელზე დაეპატენტებინათ,რაც ხაზს გაუსვამდა იმას,რომ ესა თუ ის გამოგონება,პირადად მათ ეკუთვნოდათ.
არაოფიციალური ცნობების თანახმად,პირველი პატენტი 1421 წელს,ფლორენციაში გაიცა.თუმცა ოფიციალური დოკუმენტების თანახმად,იგი ვენეციის რესპუბლიკაში გამოჩნდა 1474 წელს.სწორედ ამ პერიოდში მიეცა სიტყვა – პატენტს,თანამედროვე მნიშვნელობის სახე.ამავე წელს ვენეციის რესპუბლიკის ხელისუფლებამ გამოსცა ბრძანება,რომლის თანახმადაც,ნებისმიერ გამომგონებელს თავისი გამოგონების შესახებ,აუცილებლად უნდა ეცნობებინა ხელისუფლებისათვის,რათა მისი გამოგონება სხვას არ მიეთვისებინა (რაც საკმაოდ ხშირ შემთხვევებში ხდებოდა).ამ მეთოდით,ვენეციის რესპუბლიკამ,მსოფლიოში პირველმა დაიცვა გამომგონებლების უფლებები,თავიანთ გამოგონებებზე.თავდაპირველად პატენტის ვადა 10 წლით განისაზღვრებოდა.ცნობილია,რომ 1594 წელს,გენიალურ იტალიელ ფიზიკოსზე,ასტრონომზე და გამომგონებელზე – გალილეო გალილეიზე,გაიცა პატენტი – “წყლის სატუმბი საშუალების” გამოგონებაზე. 1634 წელს,ინგლისში ჯეიმზ I-ის მეფობის პერიოდში,პარლამენტმა გამოსცა კანონი – “მონოპოლიების სტატუსის” შესახებ,რომლის მიხედვითაც ახალ გამოგონებებზე აუცილებლად უნდა გაცემულიყო პატენტები.პირველად პატენტის შესახებ კანონი – ამერიკის შეერთებულ შტატებში გამოიცა 1790 წელს.ხშირ შემთხვევაში – პატენტის გაცემის უფლება,რიგი ქვეყნების სამეფო კარის პრეროგატივა გახლდათ,რიგ ქვეყნებში კი პატენტებს,სპეციალური საბჭოები გასცემდნენ.დროის გასვლასთან ერთად,იხვეწებოდა პატენტის გაცემის პროცედურებიც. XIX-XX საუკუნეებში - პატენტის გაცემა,უამრავი ქვეყნის კანონმდებლობაში აისახა.დღესდღეობით,პატენტი განიხილება,როგორც უდიდესი დანიშნულების მქონე ექსკლუზიური უფლებების მატარებელი პაკეტი და ერთგვარი დაცვა საავტორო უფლებებზე,ამა თუ იმ გამოგონების შესახებ. (ავტორი გენია.ჯი)