ჩინგიზ-ყაენისა და ჯამუკას დიალოგიდან…

მას შემდეგ,რაც ხარის წელს (1205 წელი) ჩინგიზ-ყაენმა მომაკვდინებელი დარტყმა მიაყენა მისი ბავშვობის მეგობრისა და ერთ-ერთი ყველაზე დიდი მტრის ჯამუკას ლაშქარს,ნაიმანებმა მათი სარდალი შეიპყრეს და თემუჩინს მიჰგვარეს.თუმცა ყაენისაგან,მათ საჩუქრების ნაცვლად სასჯელი დაიმსახურეს: ყველა ვინც მეთაურს უღალატა,სიკვდილით დაისაჯა. (ავტორი გენია.ჯი) “მონღოლთა საიდუმლო ისტორიის” მიხედვით,ჩინგზმა ძმადნაფიცს ისევ გაერთიანება შესთავაზა:

” – მოდი,კვლავ მეგობრები გავხდეთ.ახლა,როცა ჩვენი გზები გადაიკვეთა,უნდა გავიხსენოთ,რაც აქამდე დავიწყებული გვქონდა.ერთმანეთი უნდა გამოვაფხიზლოთ.მიუხედავად იმისა,რომ წახვედი და დამიპირისპირდი,მაინც სასურველ და დალოცვილ ძმად დარჩი ჩემთვის.უეჭველია,დაუნდობელი ხოცვა-ჟლეტის დროს გულ-მუცელი გეწვოდა ჩემზე.ნგრევისა და განადგურების მძიმე დღეებშიც უთუოდ ჩემი გულშემატკივარი იქნებოდი”.

ჩინგიზის ოდესღაც ძმადნაფიცმა ჯამუკამ კი,მათი მტრობის მიზეზად ვიღაც მესამე,სხვა დაასახელა,მოიგონა ბავშვობაც,თუმცა მის სიძულვილს თემუჩინისადმი,მაინც ვერაფერი მოუხერხა და მიმართა:

 ” – ჩვენ იმ საჭმლით ვიკვებებოდით,რომლის ჭამაც აკრძალულია და ისეთ სიტყვებს ვეუბნებოდით ერთამეთს,რომელთა დავიწყებას ვერასოდეს შევძლებთ.ჩვენ ხომ ერთ საბანს ვიყოფდით.ჩვენ ერთმანეთს წაგვკიდეს და ორივე გაგვაცურეს.ის გვაქეზებდა,ვინც მერე გვერდი აგვიარა.

ახლა,როცა სამყარო შენია,რაღაში გჭირდება ჩემი მეგობრობა? არა,ჩემო ძმაო,ბნელი ღამით მე შევაშფოთებ შენს სიზმრებს,დღისით კი შენს გულს შევაწუხებ.შენთვის რწყილი ვიქნები საყელოში,ან ხიჭვი კარში”.

ამ აღსარების ბოლოს,იმის ნაცვლად რომ შეწყალება ეთხოვა,ჩინგიზს შეევედრა,მომკალიო:

” – მომკალი და ჩემი ძვლები მაღალ ადგილას დაფალი.მაშინ სამარადისოდ დავიცავ შენს ოჯახს,დავლოცავ და დავიფარავ შენს შთამომავლებს და მათ ოჯახებს”.

მისი უკანასკნელი სურვილი იყო,სიკვდილით ისე დაესაჯათ,როგორც კეთილშობილი მეომარი – სისხლი მიწაზე არ დაეღვარათ და არ შეებღალათ მზე და ჰაერი.ერთ-ერთი ლეგენდის თანახმად,ჩინგიზ-ყაენმა ჯამუკა იმ ოქროს სარტყლით დამარხა,რომელიც ოდესღაც ძმადშეფიცვის დროს აჩუქა.ამ მოვლენით,თემუჩინის უპირველესი მეტოქე სიცოცხლეს გამოესალმა და აღესრულა ის ბოლო მონღოლი არისტოკრატი,რომელიც გზაზე ეღობებოდა. (ავტორი გენია.ჯი)