ლეგენდა “ლედი გოდივას” შესახებ…
ლედი გოდივა (980-1067 წლები) – წარმოადგენდა ლეგენდად ქცეულ ანგლო-საქს ქალს,რომელიც იმ პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე შეძლებული მაგნატის და მერსიას ერლის (ბრიტანული არისტოკრატული ტიტული,რომელიც გრაფის ტიტულს შეესაბამება) – ლეოფრიკის ულამაზესი მეუღლე იყო.ლეგენდის თანახმად (რომელიც რეალური მოვლენებიდან არის აღებული.კერძოდ უძველესი ინგლისური ხელნაწერებიდან),ლედი გოდივას ქმრის – ლეოფრიკის მმართველობის ქვეშ შემავალ ტერიტორიებზე მაცხოვრებელი მოსახლეობა,დიდი გადასახადებისაგან მეტად იჩაგრებოდა. (ავტორი გენია.ჯი) აღნიშნული ფაქტი კი,ამ უკეთილშობილეს ქალს ძალიან აღელვებდა და არა ერთხელ სთხოვა მეუღლეს,მოსახლეობისათვის გადასახადები შეემცირებინა.მიუხედავად ამისა,ლეოფრიკი ლედი გოდივას წინადადებას უყურადღებოდ ტოვებდა.ერთ-ერთი ნადიმის დროს,ლეოფრიკი საშინლად დათვრა,რა დროსაც მეუღლეს დაპირდა,რომ აუცილებლად გაითვალისწინებდა მის რჩევას და მოსახლეობას გადასახადებს შეუმცირებდა.თუმცა,წამოუყენა გასაოცარი წინაპირობა,რომლის თანახმადაც მერსიას მოსახლეობისათვის შეღავათური გადასახადების დაწესება მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნებოდა მისაღები,თუკი მისი ულამაზესი და თავმოყვარე მეუღლე ქალაქ ქოვენთრის ქუჩებს ცხენზე ამხედრებული და სრულიად შიშველი შემოივლიდა.ლეოფრიკი ღრმად იყო დარწმუნებული,რომ ლედი გოდივა ამას არავითარ შემთხვევაში არ დათანხმდებოდა.თუმცა მოხდა საოცრება და ქალმა,რომელსაც ისედაც უდიდეს თაყვანს სცემდნენ მისი კეთილშობილური ბუნების გამო,ქმრის მეტად დამამცირებელი წინაპირობა შეასრულა და მთელი ქალაქი,ცხენზე შიშვლად ამხედრებულმა შემოიარა.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ მოსახლეობაში,როგორც კი გავრცელდა ცნობა ქალაქში შიშველი ლედი გოდივას გამოჩენის შესახებ,იმისათვის,რომ მისთვის შეურაცხყოფა და ტკივილი არ მიეყენებინათ,გარეთ არავინ გამოსულა და სახლებში ჩაიკეტნენ.ლედი გოდივამ ისე შემოიარა ქოვენთრის ქუჩები,რომ გზად არავინ შეხვედრია.ასეთი საქციელით,ამ უდიდესი ისტორიის მქონე ქალაქის მოსახლეობამ,განუზომლად დიდი პატივი დასდო მათთვის თავდადებულ ქალბატონს.თუმცა,ერთ-ერთი ვერსიის თანახმად,ერთადერთი ქოვენთრის მაცხოვრებელი,რომელმაც შიშველი ლედი გოდივა ფანჯრიდან იხილა,გახლდათ,ვინმე – ტომი,რომელიც მაშინვე დაბრმავდა.მას შემდეგ,რაც ლეოფრაკმა მეუღლის მიერ ჩადენილი გაუგონარი კეთილშობილების ამბავი შეიტყო,გაოგნდა,საკუთარი თავის შერცხვა და მის დაქვემდებარებაში მყოფ ყველა მოსახლეს გადასახადები საგრძნობლად შეუმცირა.ლედი გოდივას გამაოგნებელმა “თვითშეწირვამ” კი,სამუდამოდ დაიდო ადგილი მსოფლიო ისტორიასა და ლეგენდებში.აღნიშნული ისტორიის შემდეგ (1043 წელს),ლეოფრიკმა ქოვენთრიში ბენედიქტური მონასტერი ააგო და ქალაქი,პატარა დასახლებიდან ერთ-ერთ უძლიერეს შუასაუკუნეების ბრიტანულ ქალაქად აქცია.ლედი გოდივას მიერ ჩადენილი საოცარი ფაქტი,პირველად აღწერილ იქნა 1188 წელს,წმინდა ალბან როჯერ ვენდროვერის ბენედიქტური მონასტრის ბერისაგან.სწორედ მისგანვე ხდება ცნობილი,დიდი სულიერების მატარებელი ქალის – ლედი გოდივას მიერ ჩადენილი გაუგონარი აქტის თარიღი – 1040 წლის 10 ივლისი.მოგვიანებით (XIII საუკუნე),აღნიშნული ისტორიის (ლეგენდის) შესახებ,ჭეშმარიტების დადგენა თავად ინგლისის მეფემ – ედუარდ I პლანტაგენეტმა გადაწყვიტა.როგორც ცნობილი გახდა 1057 წლის შემდეგ,ქოვენთრიში გადასახადები მართლაც შემცირდა,თუმცა,ზემოაღნიშნულ თარიღთან წყვეტამ 17 წელიწადი შეადგინა,რამაც ლეგენდის სინამდვილე ეჭვქვეშ დააყენა.მიუხედავად ამისა,1678 წლიდან ქოვენთრიში იმართება – ლედი გოდივასადმი მიძღვნილი ყოველწლიური ფესტივალი (დღესასწაული),ცეკვების,კარნავალის,ფეიერვერკების,სიმღერებისა და მუსიკის ფონზე.აღნიშნულ დღესასწაულში კი ჩართულია მთელი ქალაქის მოსახლეობა,რომლებიც იმოსებიან XI საუკუნეში არსებული სამოსით.ქოვენთრის კათედრალური ტაძრის წინ აღმართულია – ლედი გოდივას ქანდაკება.გარდა ამისა,შექმნილია უამრავი ნახატი და იგი ერთობ პოპულარულ პერსონაჟს წარმოადგენს სხვადასხვა ლიტერატურული ნაწარმოებისა. (ავტორი გენია.ჯი)
ლედი გოდივა