ვაჟა ხორნაული – “გულო – სარკმელო ღმერთისა”

გულო – სარკმელო ღმერთისა,

სამყაროს ხმებით სავსეო,

ასეთი თავდავიწყებით,

რამ შეგაყვარა სამზეო?!

***

ვინც სამტროდ ადევნებული,

გადაგიდგება გზაზეო,

ვერ გაგიმეტებს… დაგლოცავს,

იებს მოისხამს ხმაზეო.

***

გულო – ზვარაკო ღმერთისა,

მავალო იმის კვალზეო,

ზოგჯერ ქვესკნელში ღიღინებ,

ზოგჯერ – ზესკნელის ბანზეო.

***

ათი ათასჯერ შეჭრილო,

მარადი დარდის ფხაზეო,

სიცოცხლეა თუ სიკვდილი,

რამ შეგაყვარა ასეო?!

***

გულო – ნათლულო ღმერთისა,

საგალობლებით სავსეო,

შენ რომ არ მყავდე – მალ-მალე,

ვინ ამანთებდა ცაზეო?!