“სიყვარული” – (გვირგვინი ქრისტიანული ცხოვრებისა)
სიყვარული თავისი ჭეშმარიტი სახით სულიერი სამოთხეა.ეს არის თბილი,მშვიდი,კეთილმოსურნე,ცოცხალი,მარად მოძრავი და სიხარულისმომგვრელი მდგომარეობა,რომელიც სულს ჩვენსას ეწევა არა დროებით,როგორც სტუმარი,არამედ იგია მდგომარეობა მუდმივი,მყარი,ღრმად ფესვგადგმული,არსებითად განუყრელი,როგორც,მაგალითად სუნთქვა ან გულისცემა. და ვისშიც ეს ძალაა შთანერგილი,იგი ნეტარებს ღრმა,აღუშფოთებელი ნეტარებით.დაე,თუნდაც მუდმივად შრომობდეს, – ვერც შრომას,ვერც მწუხარებას,ვერც წინააღმდეგობებს ვერ ხედავს და ვერ გრძნობს; რამეთუ თავად სიძნელეები ამ სიყვარულის გზაზე კი არ ამცირებენ,არამედ ამაღლებენ მას,როგორც ქარი კი არ აქრობს,არამედ მეტად და მეტად აძლიერებს და აგიზგიზებს ცეცხლის ალს.
დიახ,სიყვარული სამოთხეა, – მაგრამ სამოთხე დაკარგული.ჩაუღრმავდები საკუთარ თავს და ვერ პოულობ მას იქ,ხედავ,რომ არ ხარობს გულში სიცოცხლის ეს ხე; რატომ? იმიტომ,რომ გული მთლიანად დახლართულია ვნებების ბოროტი ხეებით,რომლებიც აშთობენ სიყვარულს.სადაც ვნებაა,იქ სიყვარულისთვის ადგილი არ რჩება.სიყვარული გულმოწყალეა, – მაშ,როგორ აავსებს იგი გულს,რომელშიც სხვათა სატანჯველების მიმართ გაქვავებული გულგრილობა სუფევს? სიყვარულს არ შურს, – მაშ,როგორ დაივანებს იგი გულში,რომელშიც შური ბინადრობს? სიყვარული არ იმაღლებს თავს და არ ამაყობს, – მაშ,როგორ ეწევა იგი გულს,რომელშიც სიამაყე და პატივმოყვარეობაა გაბატონებული? სიყვარული თავისას არ ეძებს, – მაშ,როგორ ესტუმრება იგი გულს,რომელშიც ყოველგვარი ქმედების საწყისი თავმოყვარეობა გამხდარა? სიყვარული უღირსი არ არის, – მაშ,როგორ დაიბუდებს იგი გულში,რომელიც უღირსი ვნებით ავსებულა? სიყვარული არ ხარობს უსამართლობის გამო, – მაშ,როგორ დაიბუდებს იგი გულში,რომელიც ბოროტმეტყველებისაკენ,განკითხვისა და წყევლა-კრულვისკენაა მიდრეკილი? ამიტომ თავდაპირველად ამოძირკვეთ ვნებათა ეს ბოროტი ხეები.მათ ადგილზე კი ერთი მრავალტოტიანი ხე გაიხარებს,რომელიც იძლევა ყვავილსაც და ნაყოფსაც სიყვარულისა.მაგრამ დაიწყებთ თუ არა ვნებათა ამოძირკვას,უცილობლად აღმოჩნდებით ვიწრო და მწუხარებებით სავსე გზაზე,წააწყდებით აუცილებლობას,აღიჭურვოთ ღვაწლით და თავშეკავებით,იძულებული იქნებით გაიაროთ ყველა განსაწმენდელი,გამოსასწორებელი და სახელმძღვანელო კანონი ღვთის ეკლესიისა; ანუ,ვიდრე სიყვარულის ერთობას მოიპოვებდეთ,ბევრი შრომა და ღვაწლი მოგიწევთ,მოგიწევთ,გაიაროთ ტყე,ვიდრე მიაღწევდეთ შვებისმომგვრელ,ყვავილებით მოფენილ ველს სიყვარულისას.
აშკარაა,რომ აქეთკენ მავალი გზა მოკლე და იოლი არაა.ამიტომ როცა თანამედროვე ფილანტროპთა (კაცთმოყვარეთა) მომხიბლავ ლოზუნგს მოისმენთ: “ყველაფერი სისულელეა,საკმარისია მხოლოდ სიყვარული”, – ქარაფშუტულად ნუ აჰყვებით მას.მოიცადეთ,სანამ ყველაფერს სისულელედ მიიჩნევდეთ და ჯერ მოთმინებით გაიარეთ ყოველივე.მხოლოდ ამ გზით მიაღწევთ ჭეშმარიტ სიყვარულს და როცა ჭეშმარიტი სიყვარული მოვა,თავად გასწავლით,როგორ მოეპყრათ ყველაფერ იმას,რასაც საჭიროდ არ თვლის უმწიფარი და გამოუცდელი ფილანტროპია.კარგი იქნებოდა,ჩვენი სიტყვა რომ ასეთი ძალის მქონე იყოს საკუთარი თავის მიმართ.მაშინ მხოლოდ ვიტყოდით: “ამიერიდან მეყვარება ღმერთი და მოყვასი”, – და სიყვარულიც გამეფდებოდა ჩვენს გულებში.მაგრამ საქმით მეტწილად სხვაგვარადაა.აზრი და ენა ამბობენ – მეყვარებაო,მაგრამ გული ეწინააღმდეგება ამ სიტყვებს, და როცა სიყვარულის საქმე წარმოგვიდგება,იგი უარს ამბობს მასზე,თვით ფილანტროპული იდეებით გატაცების წუთებშიც კი.რატომ ხდება ასე? იმიტომ,რომ ასეთი გული გაქვავებულია ეგოიზმით,სიამაყით,მგრძნობიარობით,ანგარებით,რომელთაც მხოლოდ ახალმოდური ფრაზებით ვერ განდევნი.ამიტომაც ამბობს მოციქული,როცა სიყვარულზე წერს: “მისდიეთ სიყვარულს”, – ესე იგი გაძლიერებულად ისწრაფედ სიყვარულისკენ,ან “მოიხვეჭეთ სიყვარული” და ილოცეთ,რათა ღმერთმა მოგმადლოთ სული სიყვარულისა,რადგანაც “სიყვარული ღვთისგანაა” და ჩვენს გულებში სულიწმინდის მიერ იღვრება,ხოლო ნიჭი სულისა უნდა დაიმსახუროთ და მიიტაცოთ, და მხოლოდ სიტყვებით ამას ვერ მიაღწევთ. (ავტორი გენია.ჯი)