მამია გურიელი – “ადამიანი”

ვინც გინდა იყო ჩემი მკითხველი,

ქალი,კაცი,გინდ გასათხოვარი,

შენთან მაქვს ერთი შესახვეწნელი,

გთხოვ აღმისრულო ეს სათხოვარი:

***

ცხოვრებაში რა შესვლასა იწყებ

და ბედიც კეთილ-გუნებიანი

თან დაგდევს,იმ დროს ნუ დაივიწყებ,

რომ შენ ხარ მხოლოდ ადამიანი!

***

იყავი ტურფა,იყავ უებრო,

მდიდარი,ბრძენი,მხნე და ჭკვიანი,

მაგრამ ფიქრისგან არ განიშორი,

რომ შენ ხარ მხოლოდ ადამიანი!

***

შემთხვევამ მოგცა ბევრი ქონება,

ხელმწიფედ დაგსვა,გქმნა სრულ სვიანი?

მაშინაც გმართებს უფრო ხსოვნება,

რომ შენ ხარ მხოლოდ ადამიანი.

***

ეგებ,კეთილო,ბედს არ უყვარდი,

მოგიკლა გული,გყო სევდიანი?

ნუ დაეცემი,დასდეგ,გამაგრდი,

გახსოვდეს,რომ ხარ ადამიანი!

***

დაე,იცვალოს გარემოება,

თუნდ ხალხის ხმამაც მოგცეს ზიანი,

თვით ნუ იცვლები: მოვა დროება,

გიცნობენ,რომ ხარ ადამიანი.

***

ცხოვრების მიზნად სიმართლე გქონდეს

და სიყვარული მოძმეთა ვალად;

სამშობლო შენი მარად გახსოვდეს,

თუ კი გსურს გახდე ადამიანად!