ნიკოლო მიწიშვილი „საქართველოს” შესახებ წერდა…
„როცა გადავხედავ ჩვენს ისტორიას – იქ მე ღვთის ხელს ვერ ვნახულობ. ჩვენი არსებობა დაცინვაა განგებისა ჩვენს თავზე. ჩვენშია ჩამჯდარი ლომი და რწყილი, ეშმაკი და ანგელოზი, ნიჭი და ყიყვი… არის რაღაც შეკოწიწებული და გადაყრილი, მიბნეულ-მობნეული. ხერხემალს ქართული იდეისა მე ვერ ვპოულობ და ვერც აზრს საქართველოისას წარსულში.
იქნება საქართველოში გაამართლოს ჯვარმა, რომლისთვისაც ის იგლიჯებოდა ყოველი მხრიდან. მაგრამ ჯვარისაგან ხომ კურთხევა უნდა მოდიოდეს და სადაა ეს კურთხევა? ნუთუ ორიათასი წლის განმავლობაში ამ ჯვრის ძალამ ვერ შვა მოვლენა, რომელიც გამოირკვევდა საქართველოს, როგორც მოწოდებას, საკუთარის აზრით და დანიშნულებით? ნუთუ საბოლოოდ და სამუდამოდ მოკლებულია საქართველო იმ „ნათლის სვეტს”, რომელიც წინ მიუძღვის ყოველ ხალხს ახალი სიტყვისა და შემოქმედებისაკენ?!
საქართველო პასიური მოვლენაა. მისი ენერგია გამოწვეული იყო სხვა, მის გარეშე მყოფ მოვლენისაგან (ენერგია ჭიის, როცა მას ფეხს აჭირებენ).
საკუთარ შინაგან აქტივობას მოკლებული იყო საქართველო და მოკლებული იყო, მაშასადამე, მოქმედების გენიასაც. მოკლებულია, აქედან, გამართლება, მსოფლიო გამართლებას, საკუთარ რელიგიას, მოწოდებას, აზრსა და შინაარს”. (ავტორი გენია.ჯი)