ელიზბარ მგელიაშვილი – “სამოცჯერ თეთრი ყვავილი”

ვემდურით წუთისოფელსა

უსამართლობის ქმნაზედა,

დაგვბადებს,დაგვპატრონდება,

დავყევართ თავის ჭკვაზედა,

ჯერ აგვაყვავებს გულითა,

აგვიყვანს მაღლა მთაზედა,

მერე დაღმართზე დაგვმართებს,

წვერს გაგვითეთრებს ყბაზედა,

მერე სუ დაგვეკარგება,

გაგვწირავს შუა გზაზედა.

არ გვეტყვის გულის პასუხსა,

რად გავჩნდით ქვეყანაზედა,

ვინ გვიმტრობს არასამრტოზედ,

ვინ მეტად გვიძმობს ძმაზედა;

ვინ შეგვიყვარებს გულითა,

ვინ გაგვცვლის სხვადასხვაზედა,

ვის ვემსახუროთ,ვემწყემსოთ,

ვის დავეფიცოთ ყმაზედა,

ვინ გშველის ჯარზე ჯდომაზე

ვაჟკაცად გამოსვლაზედა…

დავფიქრდი გაოცებული

უღვთოთ საწუთროს სვლაზედა…

ისე გაფრინდა დღეები,

ვერ ვასწრებ დანახვაზედა;

ვერა ვთქვი ჩემი სათქმელი,

რად დავეღირე თქმაზედა…

სამოცჯერ თეთრი ყვავილი

აყვავდა კლდისა თავზედა,

ვინ იცის,გვერგოს რამდენი

დღეების ჩამოთვლაზედა?

ვერ ვიგებთ,წუთისოფელი

უცბად გაგვწირავს რაზედა,

“ერთი დრო მოვა,გაქრება

ბედის ვარსკვლავი ცაზედა.

მართლა ვყოფილვართ ამქვეყნად

მაგარი ხე და ქვაზედა”.