ყრუვ გიორგი (მგელიაშვილი) – “ანდერძი”

ფიქრებშია ვარ გართული,

ცრემლი ჩამამდის თვალზედა,

დავწექ და ვეღარა ვდგები,

სიკვდილ დამადგა თავზედა.

ამბობდნენ მართაისასა -

ხვალე კუბოში ჩაწვება,

გვერდზე გასჭერით საფლავი,

მიწა არ დამცეთ თავზედა.

ტანჯული აღარ დამტანჯოთ,

ტანჯული ქვეყანაზედა.

კარი გამიღე შავეთო,

სინათლე მამეც გზაზედა,

ვაჰ,თუ სად გადავერიო,

ბნელი მაშინებს ძალზედა.

დამეხვევიან უკლონი,

დამადგებიან თავზედა

და დამიწყებენ კითხვასა:

“მზე კიდენ მოდის ცაზედა?

მყოვანნი კიდენ ჰყვავიან

თქვენის იკვლივის მთაზედა?

გუგულ კი შემოსძახებსა

თქვენი კოჭბანის მხარესა?”

გადაიარე,ღრუბელო,

მალე გადადი ცაზედა,

ამბავი გადაიტანე,

ჩემს ძმებს უამბე წამზედა:

“თქვენ რასა ჰფიქრობთ,ვაჟებო,

არა სტირითა დაზედა?

თქვენ დას ამბობენ ავადა,

ვეღარ გამოდის კარზედა.

მგონია,სულიც დალია,

დადგა შავეთის გზაზედა…”

წვიმა მოვიდა ციდანა,

ხმელეთს გადაჰბანს პირსაო,

რა ცუდი სამყოფი არის

მაგ შავი მიწის ძირსაო.

ნეტავ ფრინველად მაქცია,

ჰაერში მომცა ბინაო,

ან გამიტანდა ნიავი,

ან დამადნობდა წვიმაო.

ეს ჩემი სიტყვა,შვილებო,

დააწეროდით ქვაზედა,

არც გადარეცხავს ავდარი,

არც წაიშლება ქვაზედა.

სოფელს მიჰყევით,ეცადეთ -

ნაკლებ არ დარჩეთ სხვაზედა!

შაშვი რო დაიჭახჭახებს,

დედა მიცნოდით ხმაზედა!