გრიგოლ რობაქიძის ფილოსოფიიდან…
“უწინარეს ყოვლისა,ადამიანი უფრთხის საკუთარი თავის ბოლომდე წვდომას. და,ჭეშმარიტად,საკმარისია,თუნდ ერთი წამით წარმოდგენა იმისა,რომ სამყარო მთლად გამჭირვალდა და ჩვენ უეცრივ ძირამდის შევიცანით ერთიმეორე,რომ შიშისზარი ჩვენი უწმინდურობისა გვაიძულებს,ან თავი დავიშთოთ სავსებით,ან კიდევ “თავზარის ხარხარით” დამანჭულ ტუჩებით ჭკუიდან შევცდეთ სრულიად.შიშვლად სვლა მხოლოდ ღმერთებს ძალუძთ; ჩვენ ხომ არა ვართ გასრულებულნი,მაშასადამე,არა ვართ სრულყოფილნი, და ამიტომაც ნიღბით დავეხეტებით.ესაა პირველი მნიშვნელობა ნიღბისა: სხვისი სახის ქვეშ ნამდვილი სახის დამალვა.
მაგრამ ნიღაბს მეორე მნიშვნელობაც გააჩნია.ჩვენ არა მხოლოდ ვფარავთ სახეს (ყოველდღიურობის ნიღაბი),არამედ გადავლახავთ კიდევაც საკუთარ თავს (მითოლოგიური ნიღაბი): პირველ შემთხვევაში “სხვისი” სახის ქვეშ მიმალულთ “საკუთარ თავად” დარჩენა გვსურს; მეორე შემთხვევაში კი “სხვის” სახემიღებულთ “სხვად” ქცევა გვწადია.აქ ამფარებელი ნიღბისა თავის თავს იმასთან აიგივებს,ვისი სახეც მიუღია: გავიხსენოთ დიონისოს მსახურნი,რომელნიც მასთან მხოლოდ ნიღბებით ურთიერთობენ.ამ აზრით ნიღაბი – “საკულტო აღნიშვნაა გარდასახვათა კანონის”,”მეტამორფოზისა” და “პოლიგენეზიისა”. (ავტორი გენია.ჯი)