ჯოვანი მოჩენიგოს “დამაბეზღებელი წერილი” ინკვიზიტორებს…

გენიალურმა იტალიელმა ასტრონომმა,ფილოსოფოსმა,ასტროლოგმა და პანთეიზმის ერთ-ერთმა უმნიშვნელოვანესმა წარმომადგენელმა - ჯორდანო ფილიპო ბრუნომ (1548-1600 წლები),ახალგაზრდა ვენეციელი არისტოკრატისგან – ჯოვანი მოჩენიგოსაგან (არ უნდა აგვერიოს 72-ე ვენეციელ დოჟში – ჯოვანი მოჩენიგოში) 1591 წელს მიწვევა მიიღო,რათა მისთვის მეხსიერების ხელოვნება შეესწავლა.დიდმა მეცნიერმა,ვენეციელი არისტოკრატის მიწვევა მიიღო და იმავე წელს ვენეციაში გაემგზავრა.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ სწორედ აღნიშნული ნაბიჯი გამოდგა მისთვის საბედისწერო.თავდაპირველად მათი ურთიერთობა ნორმალურად ვითარდებოდა,თუმცა,მალევე ბრუნოსა და მოჩენიგოს შორის რიგი საკითხების გამო კონფლიქტი წარმოიშვა. (ავტორი გენია.ჯი) ჯოვანი მოჩენიგომ,რომელიც ერთობ ბოღმიანი ადამიანის რეპუტაციით სარგებლობდა,ჯორდანოს სრული განადგურება დაისახა მიზნად და ჩანაფიქრი სრულიად აღასრულა კიდეც.იგი იყო ის პირველი ადამიანი,რომელმაც 1592 წლის 23 მაისს მიმართა ინკვიზიციას ბრუნოს გასამართლების მოთხოვნით.მოჩენიგოს მიერ ინკვიზიტორთა მიმართ დაწერილ წერილში კი ეწერა:

“მე გახლავართ ჯოვანი მოჩენიგო,რომელსაც სინდისმა და საკუთარმა სულმა უკარნახა,რომ “წმინდა ინკვიზიციას” შევატყობინო ჯორდანო ფილიპო ბრუნოს მკრეხელური შეხედულებანი.მასთან დიალოგების დროს (მისსავე სახლში),იგი აღიარებდა სამყაროს უსასრულობის არსებობის თეორიას… ამბობდა,რომ თითქოს იესო ქრისტე ყალბ სასწაულებს ახდენდა და მაგიკოსი იყო.გარდა ამისა,გამოთქვამდა აზრს,რომ იესო საკუთარი ნებით არ აღსრულებულა და რამდენადაც შეეძლო თავის გადარჩენას და სიკვდილისაგან გაქცევას ლამობდა.ჯორდანოსვე მოსაზრებით,ადამიანებს ჩადენილი ცოდვებისათვის პასუხი არ მოეთხოვებათ,რადგან ცოდვები ბუნებაში არ არსებობს,რომ სული ბუნებასთან არის შერწყმული და ერთის სულიერიდან მეორე სულიერში გადადის.იგი მიამბობდა თუ როგორი მონდომებით იღწვოდა ახალი სექტის ჩამოყალიბებისათვის,რომელსაც სახელად – “ახალი ფილოსოფიას” უწოდებდა.ჯორდანო ბრუნო მუდმივად მიმეორებდა,რომ მონაზვნები სამყაროს შემარცხვენელები არიან და, რომ ისინი ნამდვილი ვირები გახლავან.გარდა ამისა,მეუბნებოდა იმასაც,თითქოს ჩვენ არანაირი დამადასტურებელი ფაქტი არ გაგვაჩნია იმისა,რომ ჩვენს რწმენას რაიმე დამსახურება მიუძღვის ღვთის წინაშე.ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე,ჯორდანო ფილიპე ბრუნოს წინააღმდეგ,”წმინდა ინკვიზიციისაგან” მოველი დაუყონებლივ რეაგირებას”.

და მართლაც,წერილის გაგზავნიდან სამ დღეში (1592 წლის 26 მაისს),დიდი იტალიელი მეცნიერი – ჯორდანო ფილიპო ბრუნო ინკვიზიტორთა მიერ იქნა დაკავებული და შემდგომ სიკვდილით დასჯილი.სწორედ – ჯოვანი მოჩენიგოს მიერ დაწერილი “დამაბეზღებელი წერილი” იქცა გენიალური იტალიელი მეცნიერის – ჯორდანო ბრუნოს მესაფლავედ.აქვე აღსანიშნავია ის ფაქტიც,რომ ჯორდანოს სიკვდილის დასჯიდან 30 წლის შემდეგ,იმავე მოსამართლეების წინაშე უნდა წარმსდგარიყო კიდევ ერთი გენიალური იტალიელი მეცნიერი – გალილეო გალილეი.თუმცა,ამ შემთხვევაში გალილეომ,ჯორდანო ბრუნოსაგან განსხვავებით,საკუთარ მსოფლმხედველობაზე უარი საჯაროდ განაცხადა,რის გამოც იგი ინკვიზიციას სიკვდილით არ დაუსჯია. (ავტორი გენია.ჯი)