ჰენრი I “ბოკლერკის” შესახებ…

“გაუნათლებელი მეფე არაფრით არის რაიმეთი უკეთესი კორონიზირებულ ვირზე”, – ამ სიტყვებს ხშირად უმეორებდა ინგლისის პირველი ნორმანი მეფე – უილიამ I დამპყრობელი თავის შვილებს.სწორედ ამიტომ იყო,რომ მისი ვაჟები ერთობ მოწადინებული გახლდნენ მიეღოთ უმაღლესი განათლება. (ავტორი გენია.ჯი) მამის სიტყვებს,განსაკუთრებული ყურადღება უმცროსმა ვაჟმა – ჰენრიმ (1068-1135 წლები) მიაქცია და საკმაოდ კარგი განათლებაც მიიღო.სწორედ აქედან წარმოდგება მისი ზედსახელი – “ბოკლერკი”,რაც – “კარგ განათლებულს” აღნიშნავს. 1100 წლის 2 აგვისტოს,ნიუ-ფორესტის ტყეში ნადირობისას,შემთხვევითი ისრის გასროლას ემსხვერპლა ჰენრის უფროსი ძმა და ინგლისის მეფე – უილიამ II “წითური”.აღნიშნული ნადირობისას ძმასთან შორი-ახლოს იმყოფებოდა ჰენრიც,რომელმაც საკუთარი თვალით იხილა ძმის გარდაცვალება.მან იმთავითვე შეაფასა შექმნილი სიტუაცია და მთელი სამეფო ძალაუფლება სკუთარ ხელში მოაქცია.მიუხედავად იმისა,რომ კიდევ ჰყავდა ერთი უფროსი ძმა – რობერტი (რომელიც იმ პერიოდისათვის “ჯვაროსნულ ლაშქრობაში” იმყოფებოდა),ჰენრიმ არად ჩააგდო ეს ფაქტი და როდესაც ძმა ლაშქრობიდან უკან დაბრუნდა,ის ნორმანდიაც კი წააართვა,რომელიც სრული კანონის დაცვით ეკუთვნოდა მას.ისე ჩანდა,რომ ჰენრი I “ბოკლერკს” ბედი ხანგრძლივ წარმატებებს უქადდა: იგი ფლობდა ორ უდიდეს სამეფოს ინგლისსა და ნორმანდიას,სადაც სრული სიმშვიდე და იდილია სუფევდა; ჰყავდა შესანიშნავი ოჯახი; ფლობდა განუზომელ ძალაუფლებასა და სიმდიდრეს. 1120 წელს,მის ერთადერთ ვაჟს – უილიამ ადელინს,რომელიც ყველაზე მეტად უყვარდა ქვეყანაზე, 17 წელი შეუსრულდა.უილიამი იმთავითვე მიიჩნეოდა მამის მემკვიდრედ ინგლისის სამეფო ტახტზე.გარდა ვაჟისა,ჰენრის ქალიშვილიც ჰყავდა,სახელად – მატილდა,რომელიც რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს 8 წლის ასაკში დააქორწინეს რომის საღვთო იმპერიის იმპერატორზე – ჰენრიხ V-ზე და იმთავითვე მიავლინა გერმანიაში საიმპერატორო სასახლის კარზე.მეფის ცხოვრებაში ყველაფერი კარგად მიდიოდა,თუმცა მის მიერ დასახული გეგმები კარდინალურად შეცვალა რამდენიმე საშინელმა ტრაგედიამ.ჰენრი,რომელსაც მთელი ძალაუფლება უზურპირებული ჰქონდა საკუთარ ხელში,ვარაუდობდა,რომ მისი სიკვდილის შემდეგ შესაძლებელი იყო,საკუთარ ვაჟს ტახტისათვის ბრძოლაში პრეტენდენტები გამოსჩენოდნენ.სწორედ ამიტომ,მან გადაწყვიტა შეემოწმებინა ქვეშევრდომების სანდოობა და  ნორმანდიაში შვილებთან ერთად გამგზავრებულიყო,რათა ნორმანდიელი დიდებულებისთვის ერთგულების ფიცი ჩამოერთვა (ისევე,როგორც ეს ინგლისში განახორციელა).მას შემდეგ,რაც ნორმანდიელმა დიდებულებმა მეფის წინაშე საზეიმო ფიცი დადეს,იგი ოჯახთან და ინგლისელ დიდებულებთან ერთად “ტრიუმფით” გამობრუნდა გემებით ინგლისისაკენ.ერთ-ერთ გემზე,რომელსაც “თეთრ გემს” უწოდებდნენ,იმყოფებოდა ჰენრის შვილები და ინგლისის სამეფო კარის დიდებულთა ოჯახის წევრები.ზღვაზე ამოვარდნილმა საშინელმა ქარიშხალმა გემები ერთმანეთს ძალიან დააშორა.ჰენრის მხედველობიდან დაეკარგა ახალგაზრდა პრინცის გემი,რამაც იგი ძალიან შეაშფოთა.მიუხედავად უამრავი მცდელობისა,”თეთრი გემის” კაპიტანმა ფიტ-სტეფენმა,მაინც ვერ შეძლო თავიდან აეცილებინა ტრაგედია და გემი,რომელზეც ახალგაზრდა პრინცი იმყოფებოდა საშინელი ძალით შეასკდა ლა-მანშის სრუტეში არსებულ ერთ-ერთ კლდეს.მატროსებმა მოასწრეს ერთი ნავის წყალში უვნებლად ჩაშვება და მასზე პრინციც აიყვანეს.თუმცა,მას შემდეგ,რაც პრინცმა მისი უმცროსი დის განწირული ხმა გაიგონა,მატროსებს უბრძანა სასწრაფოდ მის საშველად უკან გაბრუნებულიყვნენ.მათაც,ბრძანება შეასრულეს,მაგრამ საშინელმა ტალღებმა მათი ნავიც ამოაყირავა. 1120 წლის 25 ნოემბერს მომხდარმა კატასტროფამ,გემზე მყოფი 140 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.მათ შორის იყვნენ ჰენრის შვილები და მრავალი ინგლისელი ბარონი,გრაფი და სხვა დიდებული.ამ უდიდესმა ტრაგედიამ ჰენრი I “ბოკლერკი” მორალურად სრულიად გაანადგურა და იმდენად დიდ სასოწარკვეთილებაში ჩააგდო,რომ მას შემდეგ სიკვდილამდე აღარასოდეს გაუღიმია.მეფის მეუღლე და დედოფალი – მატილდა ანჟუელი,შვილების დაღუპვის შემდეგ ფონტევროს მონასტერში მონაზვნად აღიკვეცა და იქვე აღესრულა.ისტორიული ფაქტია,რომ სწორედ ადელინის სიკვდილმა გამოიწვია შემდგომში ინგლისის სამოქალაქო ომი,რომელიც “ანარქიის” სახელით არის დღეისათვის ცნობილი.აღნიშნული ტრაგედიიდან 15 წლის გასვლის შემდეგ, 1135 წლის 1 დეკემბერს,ნორმანდიის პატარა ქალაქ სენ-დენიში,შვილების დაღუპვისაგან შეძრული -  ჰენრი I “ბოკლერკი” გარდაიცვალა. (ავტორი გენია.ჯი)

“თეთრი გემის” ჩაძირვა