ჩინგიზ-ყაენი – “დიდი კანონი”
იმისთვის,რომ იმპერია ეფექტურად ემართა,ჩაეწერა კანონები და უზარმაზარი ქვეყნის ყველა კუთხეში აემოქმედებინა,მსოფლიოს ერთ-ერთმა უდიდესმა მხედართმთავარმა,დამპყრობელმა და მონღოლთა იმპერიის სულიჩამდგმელმა - ჩინგიზ-ყაენმა (1155-1227 წლები) მონღოლური დამწერლობის სისტემის შექმნა ბრძანა.მიუხედავად იმისა,რომ წერის კულტურა სტეპებში მრავალი საუკუნის წინ მუსლიმანმა ვაჭრებმა და ქრისტიანმა ბერებმა შემოიტანეს,ადგილობრივებიდან,თვით თათრების,ნაიმანებისა და კერაიდების დახვეწილ ტომებშიც კი,ძალიან ცოტა თუ ფლობდა ამ ხელოვნებას; რამდენადაც ცნობილია,ჩინგიზ-ყაენამდე არც ერთმა მონღოლმა წერა-კითხვა არ იცოდა.თუმცა დიდი იმპერატორის ძალისხმევით,ამ პრობლემასაც საშველი დაადგა.ჩინგიზმა კანონების ჩასაწერად უზენაესი მსაჯულის თანამდებობა დააარსა და ამ ადგილზე,ოქროს საყურეებიანი და ცხვირში გაყრილი ოქროსრგოლიანი თავისი ნახევარძმა შიგი-ხუთუხი დანიშნა.ჩინგიზმა შიგი-ხუთუხს დაავალა,ჩაეწერა მისი გადაწყვეტილებები თეთრ ქაღალდზე,რომლებიც შემდგომ ლურჯყდიან წიგნებად აიკინძებოდა.წიგნის ფერი მარადიული ცის საკრალურ ლურჯ ფერს უკავშირდებოდა. (ავტორი გენია.ჯი) მართვის სისტემაში წერის კულტურისა და კანონის დაცვის მკაფიო კავშირი წიგნის მონღოლურ სახელწოდებაშიც აისახა: “ნომოს”,რაც ბერძნული წარმომავლობის მოქნე სიტყვაა და – “კანონს” აღნიშნავს.აღსანიშნავია,რომ XIII საუკუნის მონღოლურ სამყაროში კანონი და დაწერილი სიტყვა ერთსა და იმავეს ნიშნავდა.ჩინგიზ-ყაენის მიერ შემუშავებულ კანონს – “დიდ კანონადაც” მოიხსენიებდნენ.აღნიშნული კანონმდებლობა ერთიან ურყევ სისტემას არ წარმოადგენდა და უფრო წესების ცვალებადი კოდექსი იყო,რომელსაც ჩინგიზ-ყაენი სიცოცხლის დარჩენილი ორი ათეული წლის განმავლობაში ასწორებდა და სრულყოფდა.კანონი ყოველდღიური ცხოვრების ასპექტებს არ ეხებოდა,ის საზოგადოებაში არსებულ ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემებს არეგულირებდა.
ვიდრე მამაკაცები ქალების მოტაცებას არ მოიშლიდნენ,ოჯახებს შორის მტრობისა და ომის აღკვეთა შეუძლებელი იქნებოდა.ჩინგიზის ახალი კანონით აიკრძალა საცოლის მოტაცება.ქალების გატაცების აკრძალვასთან ერთად მან აკრძალა ზოგადად მონღოლთა მოტაცება და მათი მონებად გადაქცევა.ტაიჩიუდთაგან დატყვევებულმა თავის თავზე გამოცადა მონობის მძიმე უღელი.გარდა ამისა,იცოდა,რომ დამონების პრაქტიკა სტეპის ტომებში მუდმივად მტრობისა და ძლადობის მიზეზი იქნებოდა.
ჩინგიზ-ყაენს სურდა მომხრეთა რიგებში უთანხმოების ყველა წყარო მოესპო.ესმოდა,რაოდენ მძიმე იყო უკანონოდ შობილი ბავშვების ხვედრი და ამიტომაც ყველა ბავშვი,ცოლისგან ეყოლებოდა კაცს თუ მხევლისგან,კანონიერად გამოაცხადა.აკრძალა გასათხოვარი ქალების ყიდვა-გაყიდვაც,რაც მანამდე ხშირად ხდებოდა დავის საგანი მის მეომრებში.იგივე მიზეზით მან დანაშაულად გამოაცხადა ცოლ-ქმრული ღალატი,რასაც ადრე მონღოლები,სხვა ხალხებისაგან განსხვავებით,შემწყნარებლურად უყურებდნენ.აკრძალვა არ ეხებოდა სექსუალურ ურთიერთობებს ქალსა და მისი მეუღლის ახლო ნათესავებს,ან მამაკაცსა და მსახურ ქალებს შორის.ჩინგიზ-ყაენი ბრძანებდა,რომ გერის საქმე გერშივე უნდა გადაწყვეტილიყო და სტეპის – სტეპში.ცოლ-ქმრული ღალატი ერქვა სექსუალურ კავშირს სხვადასხვა ოჯახის დაქორწინებულ წარმომადგენლებს შორის,მაგრამ თუ ის გვართა შორის უთანხმოებას არ გამოიწვევდა,დანაშაულად არ ჩაეთვლებოდათ ღალატის მოქმედთ.
საქონლის მოპარვა,მიუხედავად იმისა,რომ ყოველთვის ცოდვად მიიჩნეოდა,სტეპის მომთაბარეთა კულტურაში მაინც საკმაოდ გავრცელებული პრაქტიკა იყო და ხშირად მტრობისა და უთანხმოების საბაბი ხდებოდა.ჩინგიზ-ყაენსაც კარგად ახსოვდა,რამდენი უსიამოვნება შეხვდა მის ოჯახს,როცა მათი ცხრა სანაქებო იაბო მოიპარეს,ამიტომაც საქონლის ქურდობა მძიმე დანაშაულად გამოაცხადა და სასჯელად სიკვდილი დააწესა.ამასთან,მოითხოვა,თუ ვინმე დაკარგულ პირუტყვს იპოვიდა,პატრონისათვის დაებრუნებინა.ამ მიზნით ჩამოაყალიბა საქონლის ძებნა-დაბრუნების გამართული სისტემა,რომელიც მისი იმპერიის გაფართოებასთან ერთად გაძლიერდა.თუ ვინმე დაკარგულ ნივთს,ოქროს ან საქონელს ნახავდა და ყველაზე ახლოს მყოფ ზედამხედველს არ ჩააბარებდა,ასამართლებდნენ როგორც ქურდს; ქურდობისათვის კი მონღოლთა იმპერიაში ადამიანები სიკვდილით ისჯებოდნენ.
ქვეყანაში მალევე დაიწყეს მსჯელობა გარეულ ცხოველებზე ნადირობის უფლებების შესახებ.ჩინგიზ-ყაენმა აკრძალა ნადირობა მაისიდან – ოქტომბრამდე, – შეწყვილების პერიოდში.ზაფზულობით ნადირობის აკრძალვასთან ერთად,ზამთრის თვეებშიც გარკვეული შეზღუდვები დააწესა – მონადირეებს იმდენი ცხოველის მოკვლა შეეძლოთ,რამდენიც ოჯახის გამოსაკვებად იყო საჭირო.კანონი არეგულირებდა ნანადირევის გატყავებისა და განაწილების წესსაც.
ჩინგიზ-ყაენისთვის დღესავით ნათელი იყო,რომ სქესობრივი ურთიერთობების,საკუთრებისა და საკვების პრობლემებთან ერთად რელიგიურ ნიადაგზე წარმოქმნილ კონფლიქტებს საზოგადოებისათვის დამანგრეველი შედეგების მოტანა შეეძლო.სტეპის ხალხში გავრცელებული ყველა რელიგია,ბუდიზმი იქნებოდა,ქრისტიანობა,მანიქევლობა თუ ისლამი,პრეტენზიას აცხადებდა ჭეშმარიტებაზე.მსოფლიოს ისტორიაში ჩინგიზ-ყაენი იყო პირველი მმართველი,ვინც სხვადასხვა რელიგიურ კონფესიებს სრული თავისუფლება მიანიჭა.მიუხედავად იმისა,რომ თვითონ ბუნების სულებს სცემდა თაყვანს,ანიმიზმი სახელმწიფოებრივ რელიგიად არ უქცევია. (ავტორი გენია.ჯი)
ყველა რელიგიას თანაბარ პირობებში რომ ეარსება,რელიგიის მსახურები და მათი ქონება გადასახადებისაგან გაათავისუფლა.მოგვიანებით,ასეთივე პრივილეგიები მიანიჭა იმ პროფესიის წარმომადგენლებს,რომელთაც საზოგადოებისათვის რაიმე სარგებლობის მოტანა შეეძლოთ: ესენი იყვნენ წვრილი მეწარმეები,ექიმები,კანონის დამცველები,მასწავლებლები და მეცნიერები.
ჩინგიზ-ყაენმა გამოსცა რამდენიმე ისეთი კანონი,რომელიც ყაენის ტიტულისათვის უსამართლო ბრძოლის პრევენციად შეიძლება მივიჩნიოთ.ამ დადგენილებით,ყაენს ირჩევდა ყურულთაი.არჩევნების გარეშე ტიტულის მოპოვება მისი ოჯახის ნებისმიერ წევრსაც კი დანაშაულად ჩაეთვლებოდა.კანდიდატებს ერთმანეთი რომ არ დაეხოცათ,დაადგინა,რომ მისი ოჯახის ნებისმიერი წევრის სიკვდილით დასჯის გადაწყვეტილების მიღება შეეძლო მხოლოდ ყურულთაის.ამით მან უკანონოდ გამოაცხადა ის იარაღი,რომლის წყალობითაც თვითონ დაიწყო ძალაუფლებისაკენ სვლა – ნახევარძმის ან ძმის მკვლელობა. (ავტორი გენია.ჯი)
ჩინგიზ-ყაენის მონღოლური კანონი სცნობდა ჯგუფურ პასუხისმგებლობასა და ჯგუფურ დანაშაულს.სამართლებლივ სიბრტყეში ცალკეული პიროვნება განიხილებოდა ოჯახთან და ტომთან ერთობლიობაში.ოჯახს ეკისრებოდა პასუხისმგებლობა მისი თითოეული წევრის საქციელზე.ერთის ჩადენილი დანაშაული შეიძლებოდა მთელს სახლეულს ეზღო.შესაბამისად,ტომი ან სამხედრო ნაწილიც პასუხს აგებდა თითოეულ წევრზე.ამდენად,იმპერიაში წესრიგის შენარჩუნება და კანონის დაცვა მთელი საზოგადოების ვალი იყო.პატივცემულ მონღოლად ყოფნა პატივსაცემ საზოგადოებაში ცხოვრებას ნიშნავდა.
კანონს ემორჩილებოდა ყველა,რიგითი მწყემსიდან დაწყებული,ყაენით დამთავრებული.ჩინგიზ-ყაენმა კანონის უზენაესობა ყველაფერზე მაღლა დააყენა.თავისი თავის საზოგადოების კანონმორჩილ წევრად გამოცხადებით მან ყველა ცივილიზაციას გაუსწრო.სხვებისაგან და, კერძოდ,დასავლეთ ევროპული ქვეყნებისაგან განსხვავებით,სადაც მონარქი კანონებზე მაღლა იდგა,ჩინგიზ-ყაენმა დაამტკიცა,რომ კანონის წინაშე ყველა თანაბარია,მათ შორის ხელისუფალიც.მისმა შთამომავლებმა ეს პრინციპი დიდი ყაენის გარდაცვალებიდან ორმოცდაათი წლის შემდეგ დაარღვიეს… (ავტორი გენია.ჯი)