თედორე შალიაპინი – “ეპიზოდი”
XX საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი რუსი საოპერო მომღერალი – თედორე შალიაპინი (1873-1938 წლები),რომელიც გარდა ძლიერი და მოქნილი ბასისა,საოცარი სასცენო თამაშითაც გამოირჩეოდა,საკმაოდ ბევრ ქვეყანაში მართავდა კონცერტებს.ბერლინში ერთ-ერთი გასტროლებისას,ქუჩაში ცნობილი დირიჟორი – ალექსანდრე ჰესინი შეხვდა,რომელსაც პეტერბურგიდან იცნობდა.მოკითხვის შემდეგ,შალიაპინმა ჰესინს,იქვე ახლოს მდებარე მაღაზიაში წაყოლა შესთავაზა,რასაც დირიჟორი დიდი სიამოვნებით დათანხმდა. (ავტორი გენია.ჯი) მაღაზიაში შესვლის შემდეგ,შალიაპინი ძალიან დიდხანს ამოწმებდა და ისინჯავდა ამა თუ იმ ფეხსაცმელს,რამაც საკმაოდ დიდი დრო წაიღო.შეატყო-რა ჰესინმა თედორეს არც ერთი ფეხსაცმელი არ მოსწონდა,შესთავაზა სხვა მაღაზიაში წასულიყვნენ.მიუხედავად ამისა,შალიაპინი კვლავაც არ ჩქარობდა და ახალ-ახალი ფეხსაცმელების მოზომვას განაგრძობდა.თან,ჰესინს ეუბნებოდა,რომ ფასები მეტად მაღალი იყო.ამ პროცედურამ,მაღაზიაში მომსახურე პერსონალის გაღიზიანება გამოიწვია,თუმცა მდიდრულად შემოსილ უცხო კლიენტს ვერაფერი შებედეს.მაშინ,როდესაც ჰესინის მოთმინების ფიალაც აივსო,უცაბედად შალიაპინმა თავისი მომაჯადოვებელი ხმით დაიწყო სიმღერა.იგი,თავისთვის მღეროდა და ყურადღება არ მიუქცევია იმ გაოცებული სახეებისათვის,რომლებიც მოხიბლული შესცქეროდნენ მას.სიმღერის ხმაზე,თავისი კაბინეტიდან მაღაზიის მეპატრონე გამოვიდა და იცნო დიდი საოპერო მომღერალი.მაღაზიაში მყოფი ადამიანები მთელი გულისყურით უგდებდნენ ყურს საოცარი ხმის ჟღერადობას და როდესაც შალიაპინმა სიმღერა დაასრულა,მასთან უმალვე მიიჭრა მაღაზიის აღფრთოვანებული მეპატრონე,რომელმაც უთხრა:
- ჩემთვის უდიდესი პატივია თქვენი აქ ხილვა – ჰერ შალიაპინ.გთხოვთ მიიღოთ ჩემგან ესოდენ მოკრძალებული საჩუქარი, – და თედორეს ყუთში ჩაწყობილი ორი წყვილი საუკეთესო და მოდური ფეხსაცმელი გაუწოდა.
შალიაპინმა ძღვენი დიდსულოვნად გამოართვა,მაღაზიის მფლობელს მადლობა გადაუხადა და გარეთ გავიდა.გზაში კი,ჰესინს მიუბრუნდა და ღიმილით ჰკითხა: როგორ ფიქრობ,ეს ჰონორარია? - თუმცა,ნაცნობი დირიჟორისაგან პასუხი ვერ მიიღო,რადგან იგი,შალიაპინის ექსპრომტად შესრულებული სიმღერის შთაბეჭდილების ქვეშ იმყოფებოდა.
მეორე დღეს,ბერლინში გამომავალი გაზეთების პირველ ფურცლებზე,წინა დღით,მაღაზიაში მომხდარი ფაქტი იყო აღბეჭდილი.შალიაპინმა წაიკითხა მის შესახებ დაწერილი სტატიები და პირქუშად ჩაილაპარაკა:
- რა სისულელეა! მე ხომ მხოლოდ საკუთარი სიამოვნებისთვის ვმღეროდი და არა იქ შეკრებილი ხალხისთვის?! უბრალოდ,სიმღერა მომინდა და ვიმღერე.რა საჭირო იყო ასეთი სენსაციის გამოცხობა?
აღსანიშნავია ის გარემოება,რომ იმ მაღაზიაში,სადაც თედორე შალიაპინმა ექსპრომტად იმღერა,რამდენიმე წლის განმავლობაში ბერლინში არსებულ ტანისამოსის მაღაზიებს შორის ყველაზე დიდი პოპულარობა მოიპოვა და მეპატრონეს საკმაოდ კარგი შემოსავალიც მოუტანა. (ავტორი გენია.ჯი)