ჯანსუღ ჩარკვიანი – (დაუწერელი ლექსები)

რა ბედენაა,ვინ იქნება

ჩვენში პირველი?!

რაც მთავარია, -

ის ქვეყანა ორთავეს გვიხმობს.

***

ყველაზე მეტად

მეგობრისა მჯეროდა ქვეყნად…

ვერაგია და ერთგულია

წუთისოფელი.

***

როცა მეზობლის კარს მიადგა,

შენ ნუ გგონია,ჩაგიარა,

დამმარხველი ხომ უნდოდა

საწყალ მეზობელს?!

- ხვალ შენთან მოვა…

***

შენს ცხოვრებაში,

ერთხელ მაინც,მიუგდე ყური

საკუთარ თავს

და დაუჯერე -

სხვაზე უარესი

რა უნდა გითხრას.

***

მეხსიერება

ლამაზ ქალსა გავს -

ღალატი იცის.

***

“შენ მოგიკვდა შენი დეიდა” -

მითხრა ავადმყოფს

და დედა გამიცოცხლა.

***

ერთი ძლიერად ამოვიოხრე

და შევუერთდი ჩემი ბავშვობის

გულუბრყვილობას.

***

უღირსიცა და ღირსეულიც

ბოლოს მცირდება

მიწის დონემდე,

მაგრამ უღირსის მარმარილო

ხშირად სჯობნის

ღირსეულისას.