გიგლა ჭინჭარაული – “ორი ლექსი ვაჟას”

ვინ გადათვალა გრძნობები,

გაბედა სიტყვა ჭკვიანი?

რამნდენი უსახელოა,

რა მცირე – სახელიანი

(ეს ალბათ,საიდუმლოა,

არც შენ გვითხარი მთლიანი),

ვაჟავ,შემინდე,დავკოცნე

შენი წაწალნი – იანი,

რა მექნა? აღარ შემეძლო,

ვკვდებოდი სურვილიანი;

რომ ვერ შევძელი,ლურჯთვალას

ვუკოცე ბაგე,ცვრიანი…

ღმერთმა გიცოცხლოს სამშობლო

სრულად,მიწიან-წყლიანი!

იქნებ კი ღმერთიც იყავი,

გვეგონე ადამიანი!

ყველასამც განაცდევინა

ეს აღტაცება ფრთიანი,

რა ცოტას ნიშნავს – “მიყვარსო”

ან “გაგიჟებით ტრფიალი”…

* * * * *

სულამც აპრილობ,აპრილო,

რა სურნელი და დარია,

არც ფხიზელი ვარ,არც – მთვრალი,

არ ვიცი,რა მიხარია!..

ფეხს რომ ვარიდებ ყვავილებს,

ვაჟავ,სულ შენი ბრალია;

შენ შემდეგ მესაუბრება

კაცივით მთა და ბარია,

შენი ხმით მეჩურჩულება,

რაც მთებში ფეხზე მდგარია:

“რძეში ნავლები” არყები,

წყალი – ხევს ჩამჩუხარია…

არ მრცხვენის,ყვავილისათვის

ცრემლი დამდინდეს ცხარია,

ღმერთმა გიმრავლოს,გიდიდოს

ჯიში,ქართველი გვარია!..