პრაქსიტელე – “ეპიზოდი”
გენიალური ძველბერძენი მოქანდაკე – პრაქსიტელე (ძვ.წ.აღ-ით IV საუკუნე),გახლდათ ისტორიაში ის პირველი მოქანდაკე,რომელმაც მაქსიმალური რეალობით გამოსახა შიშველი ქალის – “აფროდიტა კნიდსელის” სხეული,სადაც შიშველ ღვთაებას ხელით უჭირავს სხეულზე ჩამოცურებული ტანსაცმელი. (ავტორი გენია.ჯი) გარდა ამისა,იგი ავტორი გახლდათ ისეთი საყოველთაოდ ცნობილი ქანდაკებებისა,როგორებიც არის – “აპოლონი” და “ჰერმესი პატარა დიონისოთი”.პრაქსიტელე,ქალის ქანდაკებების შესაქმნელად,მენატურედ,უძველეს საბრძნეთში ცნობილ ქალს – ფრინეს (დაახლოებით ძვ.წ.აღ-ით 390-330 წლები) იყენებდა,რომლის მიხედვითაც შექმნა კიდეც თავისი გენიალური ქანდაკება – “აფროდიტა კნიდსელი”.
დიდი ძველბერძენი მწერლისა და გეოგრაფის – პავსანიასის გადმოცემის თანახმად,ერთ დღეს,პრაქსიტელემ ფრინესადმი სიყვარულისა და პატივისცემის ნიშნად,მენატურე ქალს შესთავაზა,მის სახელოსნოში შესულიყო და ის ნებისმიერი ნამუშევარი წაეღო,რომელიც მოეწონებოდა.ფრინემ,მცირეოდენი დუმილის შემდეგ,ოსტატს ჰკითხა,თუ რომელი ნამუშევარი იყო საუკეთესო,თუმცა ამ კითხვაზე მას პასუხი არ მიუღია.რამდენიმე დღის შემდეგ,მოქანდაკის ერთ-ერთი მოსამსახურე,ფრინესთან ერთად,პრაქსიტელესთან ყვირილით მიიჭრა და შესძახა: “სახელოსნოში ხანძარია!” – სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილმა ოსტატმა განწირული ხმით შესძახა: “თუკი ჩემი ეროსი და სატირა იწვის,ესე იგი მე გარდავიცვალეო.” – თუმცა,იმავე წუთს,ქალმა მოქანდაკეს ღიმილით მიმართა,რომ ყოველივე მის მიერ იყო დადგმული,რადგან გაეგო თუ რომელი ქანდაკება იყო საუკეთესო.შესაბამისად,სახელოსნოს არავითარი საფრთხე არ ემუქრებოდა.მას შემდეგ კი,რაც პრაქსიტელე გონს მოეგო და დამშვიდდა,ფრინემ სთხოვა,რომ მისთვის – “ეროსის” ქანდაკება ეჩუქებინა,რაზეც დიდ მოქანდაკეს უარი არ უთქვამს.
P.S. მოგვიანებით,”ეროსის ქანდაკება”,ფრინეს მიერ საჩუქრად გადაეცა თავის მშობლიურ ქალაქ ფესპიას.აღნიშნულ ქალაქში,პრაქსიტელეს გენიალური ქმნილება საუკუნეების მანძილზე მანამ იყო დაცული,სანამ ახ.წ.აღ-ით I საუკუნეში რომის იმპერატორმა ნერონმა რომში არ გადაიტანა.სამწუხაროდ,”პრაქსიტელეს ქანდაკება – “ეროსი”,ნერონისვე მიერ რომში გაჩენილ ხანძარს ემსხვერპლა და ჩვენამდე მხოლოდ მისმა ასლებმა მოაღწია. (ავტორი გენია.ჯი)
პრაქსიტელეს მიერ,ფრინეს ნატურის გამოყენებით შექმნილი ქანდაკება – “აფროდიტა კნიდსელი”