პიერ აბელარი და ელიოზა ფულბერი – “სიყვარულის საოცარი ისტორია”
პიერ აბელარი (1079-1142 წლები) – წარმოადგენდა ერთ-ერთ უდიდეს ფრანგ ფილოსოფოსს (სქოლასტიკს),პოეტსა და თეოლოგს,რომელიც თავისი რელიგიური ხედვების გამო,არა ერთხელ იქნა დადანაშაულებული კათოლიკური ეკლესიის მიერ ერეტიკოსობასა და ღვთის გმობაში.აღნიშნულ პოსტში,მინდა შევეხო იმ საოცარი სიყვარულის ისტორიას,რომელმაც იმ პერიოდის სენტიმენტალური ევროპა მოიცვა და დღემდე უდიდეს ინტერესს იწვევს უამრავ ადამიანში.აღნიშნული ისტორია ვითარდებოდა საფრანგეთის პატარა,თუმცა უკვე სახელგანთქმულ ქალაქ პარიზში.
პარიზის ერთ-ერთ უბანში ცხოვრობდა ობოლი გოგონა – ელიოზა ფულბერი (დაახლოებით 1100-1164 წლები),რომელიც პატარაობაში დაობლდა და მისი აღზრდა საკუთარ თავზე იმ ბიძამ აიღო,რომელიც პარიზის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძრის მოძღვარი გახლდათ. (ავტორი გენია.ჯი) აღსანიშნავია ის გარემოება,რომ ელიოზა თავისი თანატოლი გოგონებისაგან განსხვავებით,ინტენსიურად კითხულობდა წიგნებს,მათ შორის ფილოსოფიურსაც და ბრწყინვალე განათლებაც მიიღო.იგი ფლობდა ლათინურ,ბერძნულ და ძველრომაულ ენებს.ამ მიზეზთა გამო,მას თავისი დროის ერთ-ერთ უდიდეს ინტელექტუალურ ქალად მოიხსენიებენ.ელიოზას ბიძა,რომელიც მკაცრად იცავდა კათოლიკური ეკლესიის დოგმატებს,გოგონა სასწავლებლად მონასტრის ბაზაზე არსებულ სკოლაში მიაბარა.მან,იმთავითვე აღტაცებაში მოიყვანა მონაზონი-მასწავლებლები თავისი გონიერებითა და სხვადასხვა მეცნიერებების ღრმა ცოდნით.ელიოზას,იმ დროისათვის ცნობილი,თითქმის ყველა კლასიკოსის ნაწარმოები ჰქონდა წაკითხული და ერთობ საზრიანადაც განიხილავდა მათ.მას შემდეგ,რაც ელიოზამ სწავლა დაამთავრა, 16 წლის ასაკში მყოფი ინტელექტუალი გოგონა,პარიზში,ბიძასთან დაბრუნდა.
1117 წელს,მის ცხოვრებაში ყველაზე დიდი გარდატეხის დრო დადგა,რადგან სწორედ ამ დროს გაიცნო 38 წლის ასაკში მყოფი – პიერ აბელარი,რომელიც ბიძამისმა მცირეოდენი გადასახადის მეშვეობით,სხვადასხვა მეცნიერებების შესასწავლად დაუქირავა გოგონას.გარკვეული პერიოდის განმავლობაში,პიერმა გოგონას დიალექტიკა,ებრაული ენა და თეოლოგია შეასწავლა.თუმცა,ამავე დროს აბელარი ძალიან მოიხიბლა ახალგაზრდა გოგონას სილამაზითა და გონიერებით.ამ გრძნობამ,მალევე ელიოზაც შეიპყრო და ისინი სასიყვარულო ბადეში გაებნენ.სწორედ ეს გახლდათ მიზეზი იმისა,რომ აბელარმა გოგონას ბიძას შესთავაზა,რომ იგი უფასოდ მოამზადებდა ელიოზას,რისთვისაც საჭირო იყო მისთვის სახლში ერთი ოთახი გამოეყო,რაზეც თანხმობა მიიღო.იგი წერდა,რომ მასსა და ელიოზას სიყვარულმა თვალები დაუხუჭათ და ისინი სასიყვარულო ურთიერთობებში ფართოდ გადაეშვნენ.ელიოზა,ერთობ ბედნიერი გახლდათ თავისი ცხოვრებით.მის გვერდით ხომ,უსაყვარლესი ადამიანი ცხოვრობდა?! თუმცა,იმავე პერიოდში იგი დაორსულდა.გარდა ამისა,მათ საწოლში შეუსწრო გოგონას ბიძამაც.აბელარმა,ელიოზა სასწარაფოდ თავისი ნათესავების ბინაში გადაიყვანა და იქვე ამშობიარა.პიერ აბელარსა და ელიოზა ფულბერს,ყველასაგან საიდუმლოდ ვაჟი,სახელად – ასტროლიაბი შეეძინათ. (ავტორი გენია.ჯი) ელიოზას განრისხებულმა ბიძამ,აბელარს კატეგორიულად მოსთხოვა,გოგონაზე ოფიციალურად დაეწერა ჯვარი.პიერმა,დიდხანს იფიქრა და მას უთხრა,რომ ჯვარს იმ შემთხვევაში დაიწერდა,თუ მათი ქორწინება საიდუმლოდ დარჩებოდა.როგორც ცნობილია,იმ პერიოდში მეცნიერების დაქორწინება,საკუთარ თავში კარიერის სრულ განადგურებას გულისხმობდა,რაც რაღა თქმა უნდა აბელარის გეგმებში არანაირად არ შედიოდა.გარდა ამისა,მისი დაქორწინების შესახებ გავრცელებული ცნობა,უდიდეს დარტყმას მიაყენებდა მის სასულიერო კარიერასაც.აღნიშნულ შეთავაზებაზე,ელიოზას ბიძამ თანხმობა განაცხადა და მათ ჯვარი პარიზის გარეუბანში მდებარე პატარა ეკლესიაში დაიწერეს.ჯვრისწერას ფლუბერების ოჯახის მხოლოდ რამდენიმე უახლოესი ნათესავი დაესწრო.მათი ქორწინება,უცხო თვალისათვის შეუმჩნეველი რომ დარჩენილიყო,ცოლ-ქმარი ცალ-ცალკე ცხოვრობდა.თუმცა ყოველ ღამეს ერთად ატარებდნენ.დილით კი,მათი გზები კვლავ იყრებოდა.მიუხედავად ამისა,ელიოზა,პიერის მიმართ იმდენად დიდ და განუზომელ სიყვარულს ატარებდა რომ,ასეთი უცნაური ქორწინებითაც კი,ძალიან ბედნიერი ქალი იყო.ასეთი სიფრთხილე,ერთობ აღიზიანებდა ელიოზას ბიძას და მან დაარღვია პიერისათვის მიცემული პირობა,როდესაც საჯაროდ განაცხადა,რომ ისინი ოფიციალურ ქორწინებაში იმყოფებოდნენ.აღნიშნული ამბავი უმალვე მოედო ქალაქს.გავრცელდა ცნობა,რომ წყვილს ქორწინებიდან ვაჟიც ჰყავდათ.ფულბერი ყველას ეუბნებოდა,რომ მისი ნათესავი გოგონა პატიოსანი ქალი გახლდათ და მხოლოდ მეუღლესთან იყოფდა სარეცელს. და რომ ქორწინება ეკლესიის მიერ იყო ოფიციალურად დადასტურებული.აბელარის უდიდესმა სიყვარულმა იგი,აღმზრდელ ბიძას დააპირისპირა.ელიოზა საჯაროდ აცხადებდა,რომ პიერი მისი ქმარი კი არა,მხოლოდ საყვარელი მამაკაცი იყო.ასეთი განცხადებით,შეყვარებული ქალი თავის თავს უდიდეს შეურაცხყოფასა და დარტყმას აყენებდა.მიუხედავად ამისა,იგი პიერის მომავალზე ფიქრობდა და საკუთარი ბედი ნაკლებად აღელვებდა.მისთვის უმთავრესი გრძნობა და სიყვარული პიერ აბელარს ეკუთვნოდა,რომლისთვისაც იგი სიცოცხლესაც უყოყმანოდ გაწირავდა.მალევე,აბელარმა ელიოზა მონასტერში გადაიყვანა საცხოვრებლად.მანვე აიძულა ქალი მონაზონის ტანისამოსით შემოსილიყო და შეპირდა,რომ როგორც კი ქალაქში მათ მიმართ ატეხილი აჟიოტაჟი ჩაცხრებოდა,სახლში ჩვეულ ცხოვრებას დაუბრუნებდა.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ პიერი ცოლს,ხშირად აკითხავდა და ისინი თავიანთ სასიყვარულო ვნებებს მონასტრის კელიაში ხშირად მიეცემოდნენ.მას შემდეგ,რაც ელიოზას ბიძამ ელიოზას მონასტერში მონაზონად აღკვეცა შეიტყო,საშინელი შურისძიებით აღივსო პიერისადმი.ფულბერმა მიიჩნია,რომ პიერმა ქალი მონასტერში გამოკეტა,ხოლო თავად კი თავისუფალი ცხოვრებითა და სხვა ქალების სიყვარულით ტკბებოდა.სწორედ ამიტომ,მან დაიქირავა რამდენიმე პარიზელი მძარცველი,რომლებიც ერთ ღამეს აბელარს მძინარეს დაესხნენ თავს.საშინელი ცემის შემდეგ კი,იგი – დაასაჭურისეს.აღნიშნული ფაქტის შესახებ,საშინელმა ინფორმაციამ მთელი ქალაქი მოიცვა.როგორც მოგვიანებით აბელარი წერდა,იმდენად მისთვის გამანადგურებელი დასაჭურისებისაგან მიყენებული ტკივილი არ ყოფილა,რამდენადაც ის ამაზრზენი ხმები,რასაც მასზე ავრცელებდნენ.მალევე,ის მძრცველები,რომლებმაც აბელარზე თავდასხმა განახორციელეს დაკავებულ იქნენ.ამავე დროს,გამოძიებამ დაადგინა,რომ აღნიშნული საქმის მოთავე ელიოზას ბიძა გახლდათ,რომელსაც მთელი ქონების კონფისკაცია გაუკეთეს.პიერმა საერო ცხოვრებაზე ხელი აიღო და სენ-დენის მონასტერში გადაბარგდა.გარკვეული ხნის შემდეგ,ელიოზა თავისი აზროვნებითა და გონიერებით,იმ არჟანტეის მონასტრის წინამძღვარ ქალად იქცა,სადაც საყვარელმა მამაკცმა მიიყვანა.მიუხედავად ზემოაღნიშნული ფაქტებისა,მისი სიყვარული პიერისადმი,არათუ განელდა,არამედ კიდევ უფრო მძაფრი გახდა.იგი არაერთ წერილს უგზავნიდა აბელარს და თავის უზადო სიყვარულში არწმუნებდა.ქალი,აბელარისადმი მიძღვნილ ერთ-ერთ წერილში წერდა: “შენ ფლობ იმ ორ განუმეორებელ თვისებას,რომელიც ნებისმიერ ქალს მოხიბლავს: პოეტის ტალანტსა და სიმღერას”.ამ თვისებებით კი ჩვენში ბევრი ვერ დაიკვეხნის”.
აღსანიშნავია ის გარემოება,რომ ცოლ-ქმარს ერთმანეთი ათი წლის მანძილზე ერთხელაც არ ჰყავდათ ნანახი.რაც უფრო მეტ წერილს უგზავნიდა ელიოზა პიერს,მით მეტად უმძაფრდებოდა სიყვარული მისდამი.უიღბლო სიყვარულით გაუბედურებული ქალის ერთ-ერთ იმედად,სწორედ მისი აბელარისადმი მიწერილი და საპასუხო წერილები რჩებოდა.თუმცა,ცნობილია,რომ ელიოზასადმი მიწერილ საპასუხო წერილებში,გარდა ღვთის სიყვარულისა,არაფერი ეწერა.პიერი ქალის სიყვარულს ტექნიკურად უკეთებდა იგნორირებას და ცდილობდა სხვა საკითხებზე გაემახვილებინა ყურადღება. (ავტორი გენია.ჯი) 1129 წელს,აბელარმა შეიტყო,რომ ის მონასტერი,სადაც ელიოზა ცხოვრობდა დაიხურა.მან,იმავე დღეს გადაწყვიტა ქალს დახმარებოდა და ფინანსური მხარდაჭერა აღეთქვა მისთვის,რათა საკუთარივე ფულით,სრულიად ახალი მონასტერი დაეარსებინა.მას შემდეგ,რაც ისინი ერთმანეთს შეხვდნენ,აბელარის ინიციატივით გადაწყვიტეს რომ ერთმანეთისათვის წერილები აღარ გაეგზავნათ და თავიანთი სიყვარული,მხოლოდ ღმერთასადმი მიეძღვნათ.მიუხედავად ელიოზას პიერისადმი უდიდესი სიყვარულისა,ქალი ამის წინააღმდეგი არ წასულა და საყვარელ მამაკაცს ესეც დიდსულოვნად აღუთქვა.მოგვიანებით აღმოჩენილ ელიოზას ერთ-ერთ უკანასკნელ წერილში ეწერა: “მშვიდობით ჩემო სიყვარულო,ჩემო მეუღლევ,ჩემო სულიერო მასწავლებელო”.
სიცოცხლის უკანასკნელ წლებში,აბელარი ეკლესიის კრიტიკის ქვეშ მოექცა და მის მიერ დაწერილი მრავალი ნაშრომი განადგურებას დაექვემდებარა.იგი,იმ დევნილად იქცა,რომელიც არავის არაფერში აღარ სჭირდებოდა და რომელსაც არავინ იფარებდა.მალევე,იგი,ბრეტანის კუნძულებზე საიდუმლოდ გადასახლდა,თუმცა მტრები იქაც მრავლად გამოუჩნდა.იგი,არაერთხელ იქნა ნაცემი,გარდა ამისა წერდნენ მუქარის შემცველ წერილებსაც.იყო მისი მოწამვლის არაერთი მცდელობაც.როგორც პიერ აბელარის წერილიდან ვგებულობთ,იგი სრული ბარბაროსული ცხოვრების პირობებში ცოცხლობდა. “ეშმაკმა ჩემს წინააღმდეგ ისეთი დევნა დაიწყო,რომ ადგილსაც კი ვერ ვპოულობ,რათა თავი შევაფარო.მე ისეთივე შეჩვენებული ვარ,როგორიც კაენი იყო”, – წერდა აბელარი. 1142 წლის 12 აპრილს,პიერ აბელარი რომის პაპისაკენ მიმავალ გზაზე გარდაიცვალა.მას სურდა,რომ თავად რომის პაპისაგან მიეღო თავისი ნამუშევრების გამამართლებელი გადაწყვეტილება,თუმცა ამას ვერ მოესწრო.მის მიერ გაუბედურებულმა ქალმა – ელიოზამ,საყვარელი მამაკაცის სიკვდილის შემდგომ,კიდევ 22 წელიწადი იცოცხლა.მიუხედავად,უდიდესი იმდეგაცრუებისა,ელიოზა პიერის საფლავზე ყოვლდღიურად მიდიოდა.აბელარი ხომ,ის ერთადერთი მამაკაცი იყო მის ცხოვრებაში,რომელიც ესოდენ უყვარდა და რომელსაც სრულად მიანდო საკუთარი ბედი.გარდა ამისა,პიერი მისი ერთადერთი შვილის მამაც გახლდათ.ქალ-ვაჟის სიყვარულის ტრაგიკული ისტორიის ფინალი, 1164 წლის 16 მაისს დადგა,მაშინ,როდესაც ელიოზა ფულბერი გარდაიცვალა.
აღსანიშნავია ის გარემოება,რომ პიერისა და ელიოზას ერთმანეთისადმი მიწერილი წერილები,დღემდე ეპისტოლარული ჟანრის შედევრებად მიიჩნევა და ისინი,მსოფლიოს მრავალ ენაზე არის ნათარგმნი.საკმაოდ დიდი ხნის გასვლის შემდგომ,ელიოზასა და აბელარის ნეშტები ერთმანეთის გვერდით პარიზში დაკრძალეს და მათ საფლავზე ბრწყინვალე აკლდამაც აღმართეს.მათი ტრაგიკული და საოცარი სიყვარულის ისტორია კი დღემდე მიიჩნევა მსოფლიოში განსჯის საგნად. (ავტორი გენია.ჯი)
ელიოზა ფლუბერი
პიერ აბელარი
პიერ აბელარისა და ელიოზა ფულბერის აკლდამა პარიზში