უილიამ შექსპირი – “სონეტი XXXIX”
როგორღა ვუძღვნი შენს სიკეთეს ღირსეულ ქებას,
თუკი ქცეულა ჩემს ნაწილად შენი არსება?
შენ რომ შეგაქო,ეს ვერაფრით მომიტანს შვებას,
რადგან ჩემივე თავის ქებას დაემსგავსება.
***
და ამიტომაც სჯობს დავშორდეთ ერთმანეთს ნებით,
სჯობს დაეკარგოს ჩვენს სიყვარულს ძალა ერთობის,
რომ მეც მოგიძღვნა საკადრისი სიტყვები ქებით,
და აღარ მქონდეს ეს შეგრძნება ერთმანეთობის.
***
რომ არ სჩვევია განშორებას,ვიცი დანდობა,
და მარტოობაც რომ იქნება მისი მხლებელი
და მაინც დრო-ჟამს სიყვარულის ფიქრებს ვანდობ და
ამ ფიქრს გაჰყვება წუთისოფლის სახსენებელი.
***
უნდა მასწავლო განზე დგომა ერთის ორიდან,
რომ ახლოს ყოფნით მოგაწვდინო ქება შორიდან…