“დათვური სამსახური”

“დათვური სამსახური” – წარმოადგენს ფრაზეოლოგიზმს ისეთი გაწეული სამსახურისა, რომელიც საბოლოო ჯამში ნეგატიური შედეგების მომტანია იმისთვის, ვის მიმართაც იქნა იგი გაწეული. გამოჩენილი გერმანელი ლექსიკოგრაფისა და ენათმცოდნის – მაქს ფასფერის (1886-1962 წლები) ეთიმოლოგიური ლექსიკონის მიხედვით,აღნიშნული ფრაზეოლოგიზმი აღებულ და გავრცელებულ იქნა, დიდი ფრანგი იგავთმწერალის – ჟან დე ლაფონტენის (1621-1695 წლები) ერთ-ერთი იგავ-არაკიდან, სახელწოდებით: “დათვი და მებაღე”. თუმცა, არსებობს მეორე – ფალკ-ტორპის ვერსიაც, რომლის თანახმადაც, ამავე სიუჟეტის მქონე პირველი იგავ-არაკი უძველეს ინდოეთში დაიწერა. მაგრამ იქ, დათვის ნაცვლად, მაიმუნის პერსონაჟი იყო წარმოდგენილი. მოგვიანებით (1808 წელს), რუსმა იგავთმწერალმა – ივანე კრილოვმა დაწერა იგავ-არაკი, სახელწოდებით – “განდეგილი და დათვი”, სადაც აღწერილია დათვის მიერ განდეგილისათვის გაწეული ისეთი „სამსახური”, რომელმაც განდეგილის სიცოცხლეც კი შეიწირა. მიუხედავად ამისა, კრილოვს თავის ნაწარმოებში ფრაზეოლოგიზმი – “დათვური სამსახური” არ გამოუყენებია. ფაქტიურად, დღესდღეობით “დათვური სამსახური” შესაძლებელია აღინიშნოს მოკლე და მრავლისმეტყველი ფრაზით: “სულელი მოსამსახურე საშიშ მტერზე უარესია”. (ავტორი გენია.ჯი)