ტარიელ ჭანტურია – “არის თუ არა სიცოცხლე მარსზე”
“არის თუ არა სიცოცხლე მარსზე!”
“არის თუ არა იქ სადმე წყალი!” _
სიცოცხლე მარსზე იქნება მაშინ,
როდესაც მარსზე იქნება… ქალი…
***
კარგია,როცა ტელესკოპებით
აკვირდებიან უცნაურ არხებს…
მაგრამ სიცოცხლე ის არის, როცა
კაბის ბოლოების ნიავი არხევს…
***
ღვთისმშობლის მადლი… თამარის სახე…
ღიმილი ფრესკის… მადონა სიქსტის…
ცუდია, თუკი მარსის მინდვრებზე
ჯერ არ უვლია კარდაკარ სიკვდილს…
***
თუკი იქაურ სარტრს და კამიუს,
იქაურ ჰაიდეგერს და მარსელს
არ უკვლევიათ ამაოების
მარადიული მარშრუტი მარსზე…
***
…ბეჭედი უცხო…კამეა ლურჯი…
საყურე გიშრის… საყურე _ ლალი…
_ სიცოცხლე მარსზე გაჩნდება იმ დღეს,
როდესაც მარსზე გაჩნდება… ქალი!