რევაზ კახიძე – “მოტივაცია”

წუთისოფელი დროის ჩქამია,

ჩემთვის ეს არის უხამსი სტრესი,

არსებობა მანდ ერთი წამია,

არარსებობა_უხანგრძლივესი.

არ დავიბადო,მერე რა მოხდა?

არც რას შევიძენ,არც რას დავკარგავ,

უსაზღვრო ჟამის მკაცრი გამოცდა

ვერ მაიძულებს სივრცის განკარგვას.

მოუსავლეთში,უცნობი მხრიდან,

თვალს ვერ წარმტაცებს სხვა რამ დიდება

და სინდისის წინ სიმშვიდით მდიდარს

ბოდიშის მოხდაც არ დამჭირდება.

დავიბადო და რისთვის მოვიდე,

ვინც გაჩენილა,ყველა კაცია?

აი,უღრანი სამყაროს კიდე

და უსუსური მოტივაცია!

ნუთუ მანდ არის ოცნების მხარე,

დიდი ნათელი,ძალი მშვიდობის,

უსინანულოდ იხურავთ კარებს,

სუსხი არ გშუშხავთ უამინდობის?

იბადებით და მოსპობის მწუხრი

მუდამ დაგყვებათ ძირით ძირამდე,

სიკვდილს მორჩილად თავებსაც უხრით…

უცნაურია_გასაკვირამდე?!

თუ ღირსხართ ხილვად,სიცოცხლევ_წამო,

და გაშეშებავ უხანგრძლივესო,

მხოლოდ და მხოლოდ მიზაზთა გამო,

რომ დაიბადა თქვენთან იესო!