იაკობ გოგებაშვილი წერდა…
“დედა-ენის გაცვლა უცხო ენაზედ მაშინაც კი ადაბლებს კაცის გონებასა და უსუსტებს ზნეობრივს ძალასა,როდესაც იგი სტოვებს თავისს სამშობლო ქვეყანას,შორდება მის ბუნებასა და ვარდება უცხო ბუნებისა და ცხოვრების გავლენის ქვეშა.ამ შემთხვევაში იბადება აზრი წინააღმდეგობა კაცის ეროვნულ აგებულობის და მის მეტყველების შუა და ამ წინააღმდეგობის წყალობით ეს გადაკარგული პირი რამდენსამე ხარისხით ძირს ჩამოდის სულიერად.თუ იგი გენიოსად იყო დაბადებული,გამოვა მხოლოდ შესანიშნავი ნიჭის პატრონი.თუ ნიჭიერად იყო გაჩენილი,საშუალო ნიჭის ადამიანი შეიქნება და თუ ბუნებისგან დაყოლილი ჰქონდა უბრალო ნიჭი,მტკნარს სიტუტუცეზედ ჩამოხტება.ეს ხდება იმიტომ,რომ ეროვნული აგებულება ყოველ კაცს ძლიერ მტკიცედ აქვს შესისხლხორცებული და ამ აგებულების შეცვლა ითხოვს უცხო ბუნების და ცხოვრების მეტად დიდის ხნის გავლენასა”. (ავტორი გენია.ჯი)
***
“მშვენივრად ჰხატავს ეროვნულის ნიადაგის უბადლო მნიშვნელობას ხალხის არსებობისა და წარმატებისათვის ერთი არაკული თქმულება ძველის ბერძნებისა:
“იყო თურმე ერთი გმირი,სახელად ანთეოზი,შვილი დედა-მიწისა.იგი იყო უძლეველი იმის გამო,რომ მშობელი დედა-მიწისგან,რომელთანაც იგი დაკავშირებული იყო ან ჯდომით,ან დგომით,ან წოლით,განუწყვეტლივ ასდიოდა სხეულში დიდი ძალი და ღონე.ბოლოს შეხვდა ანთეოზს ჰერაკლე,გმირთაგან გმირი.გაჩნდა საშინელი ბრძოლა,ჰერაკლემ არაერთხელ წააქცია მიწაზედ ანთეოზი,მაგრამ შეეხებოდა თუ არა თავისს მშობელს მთელი ტანით,ანთეოზი ერთი ორად და სამად უფრო ღონიერდებოდა,ერთს წუთს წამოვარდებოდა ფეხზედ და უფრო მხნედ ებრძოდა ჰერაკლეს.ბრძოლა ბოლოს და ბოლოს უთუოდ ჰერაკლეს დამარცხებით დამთავრდებოდა; მაგრამ დახე ანთეოზის იღბალსა,მისმა მოწინააღმდეგემ შენიშნა,რომ ანთეოზის უძლეველობა დედა-მიწასთან კავშირისაგან წარმოსდგებოდა,მობღუჯა,მოაშორა დედა-მიწასა,ჰაერში აიყვანა და იქ გააჩერა.მოშორებული დედა-მიწასა,ანთეოზი დასუსტდა,დაუძლურდა და შეიქმნა მსხვერპლი ჰერაკლისა”.
ანთეოზივით ძლიერია მთელი ერი საზოგადოდ და ყოველი ადამიანი კერძოდ,ვიდრე იგი მტკიცედა დგას ეროვნულს ნიადაგზედ.ხოლო სუსტდება და იღუპება,როდესაც იგი მოშორდება იმ ნიადაგსა და სწყვეტავს მასთან განმაცხოველებელ კავშირსა… (ავტორი გენია.ჯი)