ნიკო გომელაური – “მე,რომ წავალ…”
მე რომ წავალ,ალბათ იტყვის დედა
ეს რა კარგი გამიზრდია შვილი
და ინატრებს ის დღე მისცა ნეტა
პირველად რომ დამიკერა ღილი.
***
როცა წავალ,გაიხსენებს მამა,
პირველად რომ მნახა უკვე დიდი,
კარგია რომ არ გამათამამა,
კარგია რომ ასე კარგად მსჯიდი.
***
წავალ მჯერა მერე იტყვის ქალი,
შეუძლია დაიღვაროს ცრემლად,
ეცოცხლაო,ყოფილიყო მთვრალი,
მთავარია ვიქნებოდით ერთად.
***
მე არ ვიცი რას იფიქრებს შვილი,
ალბათ ცუდსაც,ალბათ ცოტა კარგსაც,
თვითონ ვიცი მოვაკელი ხილი
და ვაკლებდი ნაყინსაც და მარწყვსაც.
***
რას იტყვიან ძმები წავალ როცა,
ალბათ იქაც შემფიცებენ ძმობას,
ჩემს გარეშე დაიცლება ბოცა,
ჩემს გარეშე აყვებიან გრძნობას.
***
იქ კი ვიცი ვინც დამხვდება იტყვის,
მუდამ სცდიდა თავის ბედს და წერას,
კარგი არ უკეთებია თითქმის,
თუ არ ჩავთვლით რაღაც ლექსის წერას.
***
მე მინდა რომ ვუპასუხო ყველას,
ქალებს,შვილებს,ჩემიანებს ,მასაც,
მოერიდნონ უსაფუძვლო ღელვას,
არ ვაპირებ მე ჯერ არსად წასვლას…