ოტია იოსელიანის გენიალური მოსაზრებები…
1. „ადამიანის უბედურება ის არის, რომ ბედნიერების შორიდან ტკბობის ნიჭი არ გააჩნია. ბედნიერების ხელში ჩაგდების წადილი და სურვილია, რომ უბედურს ხდის”.
* * *
2. „სევდა იმოდენა ტვირთია, არ შეიძლება იგი ბავშვებმა ატარონ”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
3. „ჩვენი უერთმანეთობა – დაშორიშორება ჩვენს გათიშვას და დასუსტებას ნიშნავს, ჩვენს მარტოობასა და ეულობას; რომ ცალ-ცალკე ჩვენ უილაჯონი, იოლად გასატეხი და დასამორჩილებელი, მიმღები და არგამცემი. თუ ყრუ არა – ყურნაკლული, თუ ბრმა არა – თვალნაკლული. ცხვირწინ რაც გვიდევს, მარტო იმის დამნახავი და მუცელში რა მოვიქციეთ – მხოლოდ იმის მგრძნობელი. ასეთისათვის სამყარო უსიგრძეგანო კი არაა, მხოლოდ თვალსაწიერითაა შემოსაზღვრული და ზნეობრივი მშვენიერებისა არაფერი იცის. რაც მის ნაკლულ თვალს ახარებს სილამაზედ ის მიაჩნია. ამ წარმტაც სამყაროსას – ისე მოვა და წავა – ვერაფერს დაინახავს, რაც ჭამის მადას ან ვნებას აღუძრავს, იმის სუნს იგრძნობს; როცა დანაყრდება – ბედნიერია, მოშივდება და – უბედური”.
* * *
4. „სნეულება და უბედურება ათასნაირია, თუ მათი ენა არ იცი,რას გაიგებ – ცხენს ან კაცს რა უჭირს…”
* * *
5. „გოგოებმა არც ერთმა არ იცის, რომ ქალები უნდა გახდნენ და არც მე, რომ,ბოლოს და ბოლოს, უნდა დავკაცდე. და არც ერთმა – რომ კაცი ქალითა და ქალი კაცითა. რომ კაცი რასაც აკეთებს, ქალისთვის აკეთებს და ქალი ყველაფერს – კაცისათვის. რომ ბუხარიც დასჭირდება, კერიაც, სახლიც, კარიც, ფუძეც და ფუძის ანგელოზიც…”
* * *
6. „მსგავსი მსგავსსა შობს”.
* * *
7. „შენი ცხოვრება შენივე მატიანეა”.
* * *
8. „პირველი კოცნა ადამისა და ევას გამოძევების შემდეგ სამოთხეში დაბრუნებაა”.
* * *
9. „ტყეში მგელი სულ რომ არ იყოს გავლილი, ტყე და მგელი, მგელი და ტყე მაინც ერთადაა. თვითონ მგელი თუ არა, მგლის შიში დაგდევს და გინდა მგელს შეუჭამიხარ და გინდა მგლის შიშს”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
10. „ყველაფრის სწავლა შეიძლება, გარდა ჭკუისა. ჭკუა უნდა გქონდეს”.
* * *
11. „დღეს რომ ქვეყანა გვექცევა, უმაქნისი, სამოწყალო და უზნეონი ვართ, ნებისყოფას რომ არ ეღალატნა და ძალისხმევა შეგვეძლოს, უძლურების ძლევის უნარი შეგვრჩენოდა, თავის… და მხოლოდ თავის იმედად ყოფნის სიამაყე გაგვაჩნდეს, იქნება საქმე ასე, ამნაირად არ წაგვსვლოდა. ძალისხმევა, უთუოდ, უძლურების ძლევაა”.
* * *
12. „არიან ადამიანები გული აქვთ, მაგრამ ხელისგულზე უდევთ”.
* * *
13. „კი, ოცნება აბა რატომაა ოცნება, მაგრამ მთლად უსაფუძვლო, მუდამ აუხდენელი და ცაზე გამოდებული ოცნებაც არ გვიშველის. რაღაცა მიწაზეც უნდა გეიმედებოდეს, რაღაცის ახდენის მოლოდინი უნდა გქონდეს…”
* * *
14. „მიწის და ცის, შავის და ცისფრის თვალმოუწყვეტელმა ცქერამ თითქმის დამაელამა, და ახლა, როცა ცალი თვალით, მინდა არ მინდა, ძირს უნდა დავიხედო, ცალი მაღლა, თეთრ ღრუბლებში გამირბის”.
* * *
15. „ლეღვზე ამბობენ, ცოდვილიანი ხილიაო, მაგრამ ლეღვი მე ცოდვილს, ახლაც მიყვარს”.
* * *
16. „და მაქვს ჩემი, ბედნიერი, დედის ზურგისტოლა ქვეყანა”.
* * *
17. „ვკითხულობ და თვალის კაკლებში ვუყურებ ჩემს ხალხს, რა სტკივა ან რა უხარია. ვწერ, მიყვარს და ვწერ… ნოველებს, მოთხრობებს, საბავშვო-სადიდოს, ამბავს, რომანს, პიესას, სცენარს, ზღაპარს… მაგრამ მართალს, ჩემი თვალით ნანახს, ჩემს ზურგზე გადავლილს, ან მთლად, ნამეტანი სანდო კაცისაგან გაგონილს”.
* * *
18. „ადამიანებთან გულწრფელი ურთიერთობა, მიწისა და ვაზის სიყვარული, ბარი და ნაჯახი, კალატოზის ქაფჩა და მანქანის საჭე ხელიდან ახლაც არ გამიშვია და ვამბობ: მწერლობა ჩემი მეათე „ხელობაა” და ამიტომაა, ყველაზე ნაკლებად რომ ვიცი-მეთქი”.
* * *
19. „რა გელექსებოდაო, იკითხავთ, მაგრამ ქართველებს რომ ლექსი მარტო მაშინ შეექმნათ, როცა ისინი ბედნიერები იყვნენ, ძალიან ღარიბი იქნებოდა ჩვენი შეუდარებელი ხალხური პოეზია”.
* * *
20. „ჩვენი უერთმანეთობა გარდაუვალია, ერთსული და ერთხორცი…
ადამიანი და მიწა!
მიწა და ადამიანი!
…და ვმაგრდებოდი, ვმძიმდებოდი გლეხკაცის და მიწის მადლის ერთთავადობის, განუყოფლობის, პურადობის სინოყივრით; საღამოს რძესავით პოხიერი ნისლით და წითელი მზის სისხლით ვიტენიდი და ვიბერავდი ფილტვებს, ვიღვიძებდი გულს და მამძიმებდა, მაგენძიანებდა, სისხლხორცეულად მიახლოვდებოდა, მთესდა ხნულის წიაღში, ზედ მაბამდა, მრგავდა. იმავე ნაოშში ჩაყრილ მარცვალივით მაღვივებდა, მაფესვიანებდა, თაკარა მზისა, თავსხმისა და გვალვის, ჭენჭყოს, სარეველას და ქარბორბალას გასაძლისი ძარღვით და ნერვით მაკერებდა აღმომცენებელს, მქმნელს, პირველადს, საყრდენს, საფუძველს – სამშობლო მიწას…
არ ვიცი, ალბათ, ადრე თუ გვიან ყველა თავისი გზით, ოფლითა და სისხლით მიდის თავის მიწასთან.
იმ დღიდან ვიცი, მამული და სამშობლო, მოწეული პური, ლეღვი და ქარვის მტევანი არაა, პირი ჩაიკოკლოზინო და შემოქმედს მადლი სწირო, რა დოვლათიანი ქვეყნის შვილ მჰყავ დალოცვილოო!” – (ავტორი გენია.ჯი)