მუხრან მაჭავარიანი – “სამშობლოს ჩემსას იშვიათად უგრძვნია შვება”

სამშობლოს ჩემსას იშვიათად უგრძვნია შვება, -

საყიალოა თავისობას ის რადგან სხვების.

მას დღემდე ბევრი სისაძაგლე შესძინეს სხვებმა; -

იგია,მოკლედ,საკუთარი სიკარგის მსხვერპლი…

სულს მივცემ ჩემსას

მე იმას მარტო, -

ვინც საქართველოს

ესწრაფვის ქართულს!

არა ცრუქართულს! -

ნამდვილად ქართულს!

სიტყვითურთ ქართულს! -

საქმითურთ ქართულს!

სულს მივცემ ჩემსას

მე იმას მარტო, -

რომელსაც ვატყობ! -

კოჭებში ვატყობ!

არის ყველაფრით

ყოველმრივ სანდო

და საქართველოს

იმნაირს ნატრობს,

ნატრობს

როგორსაც

ქართველი მარტო!

სულს მივცემ ჩემსას

მე იმას მარტო, -

ვინც უწყის:

ტატომ ღაღადყო რატომ:

სახელმწიფოთა შორის ერთობას

(ესეც ღვთის ნება არის ეტყობა!)

სარწმუნოება

არ ყოფნის

მარტო!

სულს მივცემ ჩემსას, -

ერთი სიტყვით,

მე იმას მარტო,

ვინც იცის:

გაჩნდა

ქართველად

რატომ!