მესტრიუს პლუტარქეს ფილოსოფიიდან…

ერთხელ რომში კეისარს ვიღაც მდიდარი უცხოელები დაუნახავს,რომლებიც უბეში ჩასმული ძაღლისა და მაიმუნის ნაშიერებს ეალერსებოდნენ.გაოცებულ კეისარს უკითხავს: “ნუთუ თქვენში ქალები ბავშვებს არ შობენო?”ქვეყნის წინამძღოლის ამ მეტად დამამშვენებელი სიტყვებით მან შეგონებით მიმართა ყველას,ვინც პირუტყვებზე ხარჯავს ჩვენს არსებაში ჩაბუდებულ,ადამიანის მოსაფერებლად განკუთვნილ სიყვარულისა და ალერსის გრძნობას.მართლაც,რაკი ჩვენს სულსა და გულს შემეცნებისა და ჭვრეტის უნარი ბუნებით შეუძენია,განა გონივრული არაა,გავკიცხოთ ის,ვინც ამ უნარს უღირს საგანთა ყურადრებისა და ჭვრეტისათვის იყენებს და უგულებელყოფს მშვენიერსა და სასარგებლოს? ჩვენი შეგრძნება,გარეგანი ბიძგის მიზეზით,იძულებულია,უჭვრიტოს ყოველ მოვლენას,სასარგებლოსაც და უსარგებლოსაც; მაგრამ გონების მეშვეობით ყოველ კაცს ძალუძს,თუ მოისურვებს,მუდამ და სულ ადვილად წარმართოს საკუთარი უნარი იმისაკენ,რაც საყურადღებოდ მიაჩნია.სწორედ ამიტომ,საჭიროა,უკეთესისაკენ მივისწრაფოდეთ,რათა არა მხოლოდ ვჭვრეტდეთ მას,არამედ მისი ჭვრეტითა და აღქმით საზრდოსაც ვღებულობდეთ.ვით თვალისთვისაა საამო ის ფერი,რომლის სიხასხასე მახალისებელი ძალა სიცოცხლეს მატებს და ასაზრდოებს ჩვენს მხედველობას,ჩვენი გონებაც ასევე ისეთ საგანთა ჭვრეტა-აღქმისაკენ უნდა წარვმართოთ,რომლებიც ალაღებენ მას და ჩვეული სიკეთისაკენ უხმობენ.ეს საგნები კი უზენაესი სიქველისაგან წარმომდგარ იმ საქმეებშია,რომლებიც,გადმოცემათა წყალობით,მიბაძვის მგზნებარე სურვილსა და ხალისს გვინერგავენ.სხვა შემთხვევებში კი რაიმე ქმნილებით აღფრთოვანებას მაშინვე არ უნდა მოსდევდეს მსგავსის შექმნის დაუოკებელი წადილი.საქმე ის გახლავთ,რომ ხშირად აგდებით ვეკიდებით ოსტატს,ვისი ნახელავითაც ვხარობთ.მაგალითად,ნელსახებელნი და ძოწეულის შესამოსელნი თავისთავად სიამოვნებას გვანიჭებენ,მაგრამ ღებვისა და ნელსაცხებელთა ოსტატებს უგვანო და დაბალი ღირსების ხელოსნებად ვთვლით.სწორედ ამის გამო ჩინებულად უთქვამს ანტისთენეს,როცა მოუსმენია – ისმენია კარგი ავლეტიაო (ფლეიტაზე,სალამურზე დამკვრელი – ავტორი გენია.ჯი),”ჰო,მაგრამ კაცადაა უვარგისი; სხვაგვარად ასე ბეჯიი ავლეტი ვერ იქნებოდაო”.ფილიპემ თავის ვაჟს,რომელიც ერთ ლხინში საამოდ და ოსტატურად აჟღერებდა ჩანგს,ასე უთხრა თურმე: “არა გრცხვენია,აგრე კარგად რომ უკრავ? სრულიად საკმარისია,თუ მეფე დროს პოულობს ჩანგზე დამკვრელთა მოსასმენად.იგი  ამდაგვარ ხელოვნებაში სხვათა შეჯიბრზე მაყურებლად ყოფნითაც კი დიდ ხარკს უხდის მუზებსო”. მდაბალ საქმეთათვის გაწეული პირადი უსარგებლო შორმა თავისთავად მშვენიერებისადმი უსულგულო დამოკიდებულებას მოწმობს. (ავტორი გენია.ჯი)