გურამ რჩეულიშვილის მოსაზრებები…
„სულ დანაწევრდა და აოხრდა გარე მტერთა თარეშითა და გამუდმებული შინაფეოდალური ომებით ისედაც მრავალტანჯული საქართველო, მოიშალა ცენტრალური მტკიცე მმართველობა, დაირღვა ტაძართა თუ ციხე-გალავანთა მშენებლობის მაღალმხატვრული სტილი; თავისებური ნაყოფი გამოიღო ამ გარემოებამ: განვითარდა თითოეული ცალკე საერისთავო ქართლ-კახეთსა თუ შორეულ მთებში, შეიქმნა მმართველობის ვერაგი, მოშუღლე, ინდივიდუალური სისტემები, ინდივიდუალური მშენებლობა, დასაყრდენი შესაფერი წესწყობილებისა.
ამ პერიოდში პირადი პატივმოყვარეობით შეპყრობილი ფეოდალები არავითარ ზომას არ იშურებენ მეფის თუ მეზობელი სამთავროს სავნებლად. უგზავნიან მოსყიდულ მკვლელებს ერთმანეთს, ასმენენ ყაენთან, მოტყუებით მოპატიჟებულ მეზობლებს ღვინით ათრობენ და ისე ხოცავენ, თვალებს სთხრიან, ასახიჩრებენ. ძმა ძმას არ ინდობს, საკუთარ მამას აგდებს გამძვინვარებული მებატონე ციხის თავიდან, ყველგან და ყველაფერს ცდილობს დააწეროს თავისი უღირსი სახელი და ამით უკდავყოს თავისი „საქმეები”.
შემზარავი, დაწვრილმანებული ვნებები ტრიალებენ მთელ ფეოდალურ მსოფლიოში, რომელთა გადამეტებასაც ცდილობს აღმოსავლეთის ურდოებისაგან ისედაც ძალაგამოცლილი ქართველი თავადი. აცამტვერებენ ამ არეულობით აღფრთოვანებული ყაჩაღი ლეკები გლეხკაცის საუკუნეების შრომას, ჩეხენ ვაზებს – ქართველის ამ უდიდეს ეკონომიკურ და კულტურულ დასაყრდენს, ხოცავენ და, საკუთარი გლეხისადმი, საკუთარი სიძლიერისადმიც კი მტრულად განწყობილ თავადთა დახმარებით, მაღალი ფასის ტყვეებით ავსებენ მსოფლიო მონათა ბაზრებს.
ლხინს მისცემია კახეთის თავადი ჯანდიერი; გაშლილი სუფრის ბოლოსთან იზლაზნება ეშმაკი მოურავის შავი სხეული.
- სამახარობლო, ბატონო, ყვირის სუფრის ბოლოდან, – გუშინ ღამით ჭავჭავაძეებს ლეკები დასხმიან და ოცი კაცი გაუტაცნიათ, ამდენივე მოუკლავთ.
აღფრთოვანებული ჯანდიერი წამოვარდება სკამიდან და თავისი „გამარჯვების” სადღეგრძელოსა სვამს, თუმნიანით ასაჩუქრებს მახარობელს, მეორე დღეს მას ესხმიან თავს ლეკები და, ალბათ, ისევ თუმნიანს იმსახურებს, ოღონდ ახლა ჭავჭავაძეთა მოურავი.
ძნელია ამ არეულობაში იპოვო ერთი კეთილშობილი ადამიანი მაინც, ვისაც თავისი ერისთვის გული შესტკივა”. (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ამინდი, როგორც ასეთი, ხასიათის გამფუჭებელი არ არსებობს და ყველა ამინდში შეიძლება აბიჯო წინ და ალალად”.
* * *
„უცნაური თვისებაა ადამიანის ბუნებაში – ჩაღრმავებისთანავე თავისგამათრახებით უცებ ისე მაღლა დგება, რომ ყოველგვარი შეცნობილი შეურაცხყოფა საკუთარი თავისა უკმაყოფილებს თავმოყვარეობას”. (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„გარკვეულ წერტილამდე ძნელია დაარწმუნო განგრენიანი კაცი, რომ მისივე სიცოცხლის გადარჩენისათვის აუცილებელი იყო ფეხის მოჭრა”.
* * *
„გარემო ისე სავსეა შთაბეჭდილებებით, რომ მეშინია დღიურების წერა, თითოეული დაწყებული წინადადება თუ დროზე არ ალაგმე, რომანამდე შეიძლება გაიზარდოს, შრომის ჩვევა კი, სამწუხაროდ, ძალიან ცუდადა მაქვს განვითარებული, თან რომ არ ვწერო ის, რაც შეიძლება სამუდამოდ დაიკარგოს, ჩემთვის შეუძლებელია; თითოეული ჩაუწერელი ამბავი ცრემლებამდე მეცოდება, როგორც მომწიფებულ ქალს თავისი უბავშვოდ არსებობა”.
* * *
“ისევ უძლური ირონია მეუფლება, …მე მოვიკლავ თავს, როცა აღარ იქნება მოსალოდნელი ყველაფერი ის, რაც მოხდა, დინჯად, მშვიდად გავტენი იარაღს და ღიმილით ვესვრი ჩემს შუბლს.
ეს იქნება ერთადერთი ღირშესანიშნავი ამბავი, ჩემო გურამ, შენს ცხოვრებაში, რომელსაც შემდეგ ვეღარ აღიქვამ თუ გადმოსცემ”, ვეუბნები ჩემს თავს, ნერვულად მეღიმება, მე ხომ ასე ძალიან მიყვარს კარგი ხუმრობა, როცა მარტო ვარ ხოლმე ჩემს თავთან დარჩენილი”.
* * *
„ – ეს იმ კაცს გაუმარჯოს, რომელიც რომა ნახავს ვაზი წაქცეულია, ჭიგოს შეუდგამს, წყალს დაუსხამს, გაახარებს, ყურძენს მოიყვანს, თავისი ლამაზი თუ მიწიანი ფეხებით დაწურავს, ღვინოს დააყენებს და ჩვენ დაგვალევინებს”.
* * *
“ჭეშმარიტება კეფას ჰგავს! ვიცით სად არის და ვერასოდეს დავინახავთ!” (ავტორი გენია.ჯი)