რემბრანდტ ჰარმენს ვან რეინი – “უძღები შვილი ტავერნაში”
“უძღები შვილი ტავერნაში” – წარმოადგენს გენიალური ნიდერლანდელი ფერმწერისა და გრავიორის - რემბრანდტ ჰარმენს ვან რეინის (1606-1669 წლები),მიერ 1635 წელს ზეთის საღებავებით ტილოზე დახატულ დიდებულ ავტოპორტრეტს,მეუღლესთან – სასკია ვან ეილენბიურხთან (1612-1642 წლები) ერთად.აღნიშნული ტილოს სიუჟეტი,მხატვარმა,ლუკას სახარების ცნობილი სიუჟეტიდან “უძღები შვილის” მიხედვით აიღო და სურათზე ბიბლიურ პერსონაჟებად საკუთარი თავი და მეუღლე გამოიყვანა.როგორც სპეციალისტები ვარაუდობენ,ტილოს შექმნის პერიოდი ერთ-ერთ ყველაზე საუკეთესო და ნაყოფიერ პერიოდად მიიჩნევა რემბრანდტის პირად ცხოვრებაში. (ავტორი გენია.ჯი) სწორედ იმავე პერიოდში გახდა იგი ერთობ პოპულარული და სახელოვანი მხატვარი,რამაც მას უამრავი შეკვეთა და შესაბამისად,ფინანსური წარმატებები მოუტანა.გარდა ამისა,მნივნელოვნად იმატა,მხატვრის მოსწავლეების რაოდენობამაც.თუმცა,მაინც,რაც ყველაზე მთავარი გახლდათ,იყო ის,რომ ზემოაღნიშნულ დროს,რემბრანდტი ოჯახური იდილიით განსაკუთრებულად ტკბებოდა,რამაც შეაქმნევინა კიდეც მხატვარს ის ერთადერთი ტილო,სადაც ერთად არიან ასახული რემბრანდტ ჰარმენს ვან რეინი და მისი მეუღლე – სასკია ვან ეილენბიურხი (ცნობისათვის,რემბრანდტს მეუღლესთან ერთად საკუთარი თავი ასევე ასახული ჰყავს 1636 წელს შექმნილ ოფორტზეც (ლითონზე შესრულებული გრავიურა,სადაც გამოსახულების ჩაღრმავებული ელემენტები მჟავების ლითონის ამოჭმის გზით არის მიღებული).რიგი ექსპერტების მოსაზრებით,თავდაპირველად ტილოზე სულ სხვა პერსონაჟები იყვნენ ასახული,თუმცა,მოგვიანებით მხატვარმა ისინი თავისი და მეუღლის პორტრეტებით ჩაანაცვლა.ტილოზე ასახულ “უძღებ შვილად”,გენიალურმა რემბრანდტმა საკუთარი თავი ერთობ ელეგანტური სახით წარმოგვიდგინა.მის მუხლებზე სასკია ზის,რომელიც ასევე მდიდრულ ტანისამოსშია გამოწყობილი.მათ უკანა მხარეს მოჩანს ფარშევანგი,რაც ერთგვარად სიმბოლიზირდება პატივმოყვარეობასთან,იგივე “უძღები შვილის” ბიბლიურ სიუჟეტთან.გარდა ამისა,სურათზე ნათლად არის გამოსახული კედელზე დაკიდებული ასპიდური ფიქალის მცირე ნაწილი,რაც ასოცირდება იმაზე,რომ ადრე თუ გვიან ყველას მოუწევს თავისი საფასურის გადახდა.დღედღეობით – რემბრანდტ ვან რეინის დიდებული ნამუშევარი – “უძღები შვილი ტავერნაში”,დაცულია გერმანიის ქალაქ დრეზდენში მდებარე ძველი ოსტატების გალერეაში. (ავტორი გენია.ჯი)