რევაზ კახიძე – “დესპანი”
მესაფლავევ,მე ვერ მაკრთობს
წერაქვი და ბარი შენი,
ეგ ქმედება მხოლოდ მართობს -
აღასრულე განაჩენი.
შენ გგონია ცხედარი ვარ,
კუბოში ვარ გაშოტილი,
გაგიქარვებ გულსატკივარს,
რომ არ დარჩე დაშოკილი.
ნურვის უხმობ,არ მჭირდება
გოდება და ცრემლთა ღვარი,
რატომ ჰკვირვობ,ასე ხდება,
თუ არ არის არვინ მკვდარი.
შენ არ გესმის სულთა ხმები,
უკვდავების მძლავრი დენთი,
დიდი ღმერთის ნაკურთხები,
წმინდა მადლით დანაღვენთი?
რისთვის თხრიდი ორმოს კარცივს_
ვერ გაუგე ალბათ უფალს,
შემოქმედი არვის არ ქმნის
საკლავად და დასაღუპად.
რა ტყუილად დაგიღლია
ამ შრომაში მკლავი,ძვლები,
სასაფლაო არქივია
მარმარილოს წარწერების.
მერე რა,რომ ლურსმნავ ხუფებს,
რომ გავლიეთ ვადა სრული,
ჩემი სული შვილში სუფევს
უდრტვინველად გადასული.
ასე იყო,ასე არის,
ეს იქნება მომავალში,
სულს ვერასდროს დაატყვევებ
წუთისოფლის მძიმე ვალში.
რისთვის წვალობ,თვითონ ნახავ,
ასე იყო ყველა დროში_
სულს ვერავინ ვერ დამარხავს
ვერც ხის ყუთში,ვერც ორმოში.
ჩემო კარგო,შეითვისე,
შენ გაწბილებს კვლავაც ალღო,
მეათასედ მოვალ ისევ,
ათასჯერაც რომ დამკარგო.
სული გვიდგას სანეტარო,
ჩვენ ვსარგებლობთ ღმერთის ნდობით,
თუ არსებობს ეს სამყარო_
მხოლოდ ჩვენი არსებობით.
ვერ ჩამახშობს მური ბინდის,
ვით რაინდი ღვთიურ მცნების,
ვარ დესპანი სულიწმინდის
და ვაზირი აზროვნების.
მე იესოს გულით ვთბები,
მეც მარგუნეს არსი მისი,
არასოდეს ავღსრულდები,
რადგან თვით ვარ დასაწყისი!
მერამდენედ მასაფლავებ,
ხომ ხედავ,რომ მაღალ ნებით,
მე მოვარღვევ კლდეთა ზვავებს
კვლავ და ისევ გეცხადები?
დაიხსომე,ნათელ ციდან
უწყვეტობის მტკიცე ღვედით,
მე გახლავარ,ადამიდან
თვით შენამდე რომ მოვედი.
ჰოდა ძმაო,არ გეწყინოს_
ეგ ხელობა სიხარბეა,
მოდი,ერთად გავიცინოთ,
ხელს რაც გვიშლის სიყალბეა:
ჩემი სახლი,ჩემი სორო,
ჩემი ტანი და საფლავი,
ყველა ერთად მოვისროლოთ
თუ რამეა დასაფლავი!
უკვდავი ხარ,მესაფლავევ,
ღმერთისა და კაცის შვილი,
არ ემონო სევდის შვავებს
ცხონებისთვის გაჩენილი.
მოვიქნიოთ ერთად მკლავი
ამ ცხოვრების მლაშე ზღვაში,
ვითამაშოთ ბედის ნავი
ლაჟვარდების კამარაში.
თორემ დაღლას,ძილს და სიკვდილს
ვერ იგუებს ჯური ჩვენი,
ასეთია ჩვენი სისხლის
საუკუნო განაჩენი!