ილია ჭავჭავაძის ნააზრევი…

“ვაი იმ ხალხს,რომელსაც ძარღვი გაუწყდა; ვაი იმ ქვეყანას,საცა საერთო ძარღვში სისხლი გაშრა,საცა ყველაში თითო არ არის და თითოში – ყველა,საცა თვითეული ყველასათვის არ ჰფიქრობს და ყველა თვითეულისთვის,საცა “მე” ხშირია, და “ჩვენ” – იშვიათი!”

***

“თვითოეულმან ჩვენგანმან თავისი ხვედრი,დიდის “მამულის” ნაშთი,თავთავად შემოიღობა; იმ შემოღობილში თვითოეულმან ჩვენგანმან თავისი საკუთარი ქვეყანა აიშენა და საზოგადო სახელი “მამული” თავის კერძო მამულს დაარქვა და თქვა: თუ მე არ ვიქნებიო,ქვა-ქვაზედაც ნუ იქნებაო.ამ სახით თვითოეული ჩვენგანი თავის შემოღობილში შეიკეტა,თავისი საკუთარი ჭირი და ლხინი აიჩინა; და რომ თვითოეულმან ჩვენგანმან საერთო საქმეს თვალი მოაშორა და გონება თავისი საერთო საგანზედ აღარ ავარჯიშა,ის გონებაც ისე დაუბრმავდა,რომ იგი თავის ქონების ღობის იქით ვეღარ გადაუცილებია,რომ თავის მოძმეს გაეხმაუროს მაინცა”. (ავტორი გენია.ჯი)

***

“სადღა არის ეხლა ქართული ენა? ან გვინდაღა ქართული,როცა ჩვენ თვითონ ჩვენდა დასაღუპავად ქართველობაზედ ხელი ავიღეთ? გონებით რომ აღარ ვსცხოვრობთ,ქართულს ენას აზრს როგორღა გამოათქმევინებთ? ერთობისათვის რომ აღარა ვართ,ერთნაირს სიტყვის მნიშვნელობას როგორ მოვსთხოვთ ჩვენს ენასა? თუნდ რომ ჩვენს ენას და სიტყვას აზრიც გამოათქმევინოთ,ვის რად გინდათ,ენას აზრს ვინღა სთხოვს? ჩვენ თვითონ დავცარიელდით გუდაფშუტასავით,ცარიელი სიტყვებიღა გვინდა,ცარიელი ხმები,რომ ენამ პირში იშტვინოს და ყურმა ძარღვი იფხანოს.სხვა რისთვის გვინდა ენა? საერთო ქართველი კერძოობითად გავხადეთ,მამული დანეხვილ ნაფუძვრად გარდავაქციეთ,პატივი – ნეხვად,თავი – გოგრად, და ჩვენი უადამიანობა იქამდინ მივიყვანეთ,რომ კაცი კაცს აღარ ნიშნავს,თუ ზედ კაცური არ დავუმატეთ, და მის შემდეგ კიდევ გინდათ,რომ ენა გვქონდეს?

***

“შვილმა უნდა იცოდეს,სად და რაზედ გაჩერდა მამა,რომ იქიდამ დაიწყოს ცხოვრების უღელის წევა.შვილს უნდა გამორკვეული ჰქონდეს,რაში იყო მართალი და კარგი მისი მამა,რაში იყო შემცდარი,რა ავი მიიჩნია კეთილად, და რა კეთილი – ავად,რა უმართავდა ხელს,რა აბრკოლებდა,რისთვის ირჯებოდა და მხნეობდა, და რისთვის და რაში უქმობდა.უამისოდ თვითონ შვილი,რაც გინდა მხნე და გამრჯელი იყოს,უხორთუმო სპილოს ეგვანება,დავით გურამიშვილისა არ იყოს, და ამ წუთისოფელში ვერას გახდება”.

***

“ყველა ერს ეხლანდელს დროში იმდენი საკუთარი თავში საცემი აქვს,რომ ძნელია სხვისთვის მოიცალოს ვინმემ.მაინც-და-მაინც,დეე სხვა თავისი იცოდეს,ჩვენ ჩვენი უნდა შევიტყოთ”. (ავტორი გენია.ჯი)