კოლაუ ნადირაძე – “წიწამურიდან საგურამომდე”
წიწამურიდან საგურამომდე
ეკლიანი და პატარა გზაა,
წიწამურიდან საგურამომდე
სიცოცხლის გავლა ნეტავი რაა?
წიწამურიდან საგურამომდე
აშრიალებულ ფოთლების ზღვაა.
***
ისევ დუდუნი ისმის არაგვის,
ისევ ბიბინებს არაგვის ველი.
ღამით ამოსულ და აყვავებულ
ვარსკვლავებს დილა მოთიბავს ცელით,
ღამით ამოსულ და აყვავებულ
ნიავს არაგვი დილამდე ელის.
***
ჰეი,არაგვო,არაგვიანო,
გულში ეგ სევდა რად ჩაგწოლია?!
შენ სამას შვილზე ხომ არა დარდობ?
- გყავდა და თითქოს არა გყოლია!
შენი ჩქერების თეთრი შხეფები,
- ეგ ხომ ცრემლების წმინდა ბროლია!
***
ჰეი,არაგვო,მიამბე მაინც
შენს სამას რაინდს თუ რას უმღერდი,
როგორ აღზარდე ქართულ ქოხებში
და ქართულ აკვანს როგორ ურწევდი!
ჰოი,არაგვო,მაშინაც,ალბათ,
ამავე სევდას მოიქუხებდი!
***
არავინ იყო ამბის მომტანი,
არ გინათებდა გულს ალიონი,
აღარ გესმოდა “ვისაც მოუკლავს”,
არ გუგუნებდა ზარი სიონის,
შენ დაგტიროდა მხოლოდ მოხუცი:
- დამარცხებული ბაგრატიონი!
***
გზა ეკლიანი და უდაბური
გმირებს და მგოსნებს გაუკაფიათ!
საით ისწრაფი მაინც,არაგვო,
და მიაშფოთებ ტალღებს ქაფიანს?
მცხეთის კარამდე დიდი ჩრდილებით
მთებს შენი ტანი დაუფანიათ!
***
წიწამურიდან გულის კარამდე
ერთი გზა მიდის – გზა სისხლიანი,
ისევ ჰყივიან ცაში არწივნი
და შრიალებენ მთანი ტყიანი;
მთაში ირმების ისმის ყვირილი
გულის მზარავი და სევდიანი.
***
ეგების მკერდში დასჭრეს ირემი
და არ ურჩება ბეჩავს იარა?
განგმირულ შუბლით ეკლიან გზაზე
ისეთ მგოსანმა თუ გაიარა?
ეგების ამცნო მთებს საიდუმლო
და დიდი ფიქრი გაუზიარა?
***
ჰოი,არაგვო,არაგვიანო,
გულში ეგ სევდა რად ჩაგწოლია?
მოკლულ პოეტზე ხომ არა დარდობ?
- გყავდა და თითქოს არა გყოლია!
შენი ფიქრების თეთრი შხეფები,
- ეგ ხომ ცრემლების წმინდა ბროლია!
***
ჰოი,არაგვო,მიამბე მაინც,
როგორ დაეცა ეს გოლიათი?
ეგების შეწყდა ვარსკვლავთ კაშკაში,
გადაეფარა მიწას წყვდიადი,
და დამწუხრებულს,კაეშნით მოცულს,
მზესაც ამოსვლა დაუგვიანდა?
***
შთაგონებული სიმღერა მისი
აღარ მოესმის მიდამოს შენსას.
ალბათ,მისთვის ხარ გულჩათხრობილი
და აღარ ცხრება ტალღების კვნესა!
ნატყვიარ შუბლის სისხლის წვეთები
ახლაც აცხია მიწას და ქვებსა!
***
წიწამურიდან საგურამომდე
ეკლიანი და პატარა გზაა,
წიწამურიდან საგურამომდე
სიცოცხლის გავლა ნეტავი რაა?
წიწამურიდან საგურამომდე
დიდი მთები და უძირო ცაა.