ბოკაჩო ბოკაჩინო – “ახალგაზრდა ბოშა ქალის პორტრეტი”
“ახალგაზრდა ბოშა ქალის პორტრეტი” – წარმოადგენს აღორძინების ეპოქის გენიალური იტალიელი მხატვრისა და იტალიურ ქალაქ კრემონაში მდებარე საკათედრო ტაძრის უნიკალური ფრესკების შემოქმედის – ბოკაჩო ბოკაჩინოს (1468-1525 წლები) მიერ,დაფაზე ტემპერათი (საღებავები,რომლის შემაკავშირებელ ნივთიერებად იყენებენ წყალში გახსნილ კვერცხის გულს და უმატებენ მცენარეულ ან ცხოველურ ზეთს) შესრულებულ შედევრ სურათს.სპეციალისტთა ვარაუდით,მხატვარმა აღნიშნული სურათი 1504-1505 წლებში დახატა. (ავტორი გენია.ჯი) სურათის სიმაღლე 24 სანტიმეტრია,ხოლო სიგანე 19 სანტიმეტრი.მასზე გამოსახულია თავსაბურავით შემოსილი ახალგაზრდა გოგონა.მის უკან წარმოდგენილი შავი ფონი ხაზს უსვამს სპეციფიკურ შუქსა და სფუმატოს (ფერწერულ ნაწარმოებში გამოსახულების მკაფიო კონტურების ერთგვარი შერბილება და გაბუნდოვნება,რითაც სურათზე ნათლად გადმოიცემა განათებისა და სივრცის ეფექტი).სურათზე გამოსახული ქალის თხელი და ნაზი თმები,რომლითაც მხატვარმა მას ნათელი კოლორიტი მიანიჭა,ერთგვარად ბადებს მშვიდ და სასიამოვნო ატმოსფეროს (ასეთივე ხატვის მეთოდს იყენებდა სხვა ცნობილი იტალიელი მხატვრებიც,მაგალითად ისეთი,როგორიც გახლდათ – ჯოვანი ბელინი).შესაბამისად,მასზე აშკარად აისახება ვენეციური სახვითი სკოლის გავლენა.მედიჩთა დინასტიის წარმომადგენელმა და კარდინალმა – ლეოპოლდო დე’ მედიჩიმ (1617-1675 წლები),რომლის მფლობელობაშიც იმყოფებოდა ბოკაჩო ბოკაჩინოს სურათი – “ახალგაზრდა ბოშა ქალის პორტრეტი”,მემკვიდრეობით,ფლორენციაში მდებარე რენესანსის სტილის მქონე უზარმაზარ სასახლეს – “პიტის სასახლეს” უსახსოვრა.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ რიგი სპეციალისტებისა,ერთი პერიოდის განმავლობაში,აღნიშნული სურათის შესაძლო ავტორად,დიდ იტალიელ მხატვარს – ბენვენურო ტიზის (1481-1559 წლები),იგივე – გაროფალოს განიხილავდა,თუმცა ეს ფაქტი არ დადასტურდა. 1925 წელს,სურათი ფლორენციაში მდებარე საყოველთაოდ ცნობილ – “უფიცის გალერეას” გადაეცა,სადაც დღემდეა დაცული. (ავტორი გენია.ჯი)