“წიგნების დაწვა-განადგურება”
გენიალურად აღუნიშნავს დიდ გერმანელ რომანტიკოს პოეტს,პუბლიცისტს,კრიტიკოსსა და ჟურნალისტს – ჰაინრიხ ჰაინეს: “იქ,სადაც წვავენ წიგნებს,საბოლოოდ,ადამიანებსაც დაწვავენო”.კაცობრიობის ერთ-ერთი უდიდესი და უიშვიათესი მონაპოვარი – ‘წიგნი”,ისტორიის სხვადასხვა ეპოქებში ისევე სასტიკად “ისჯებოდა” კაცთა მოდგმის მიერ,როგორც ჩვეულებრივი მოკვდავები ისჯებოდნენ. (ავტორი გენია.ჯი) წიგნები,ავტორებთან ერთად არაერთხელ აუყვანიათ “აუტოდაფეებზე” და “სიცოცხლეს გამოუსალმებიათ” ისინი.ადამიანთა უმეტესობას კი აზრად არ მოსვლია ის,რომ წიგნი დაეცვა,თუნდაც იმიტომ,რომ იგი ცოდნის,განათლებისა და აღზრდის უმნიშვნელოვანესი იარაღი და ინფორმაციის გავრცელების უნიკალური საშუალება იყო.ცოდნის გადაცემის უპირველესი მეთოდი ზეპირი გადაცემა გახლდათ,თუმცა დროის გასვლასთან ერთად,ინფორმაციის გადაცემის უფრო სისტემური მეთოდი გახდა საჭირო – წერილობითი სახით.აღნიშნულმა ფაქტმა კი განაპირობა – ანბანების,იეროგლიფებისა და პიქტოგრამების გაჩენა.სანამ ადამიანი,ქაღალდს გამოიგონებდა,მანამ ის წერდა ყველაფერზე – თიხის ფირფიტებზე,ტყავზე,კედლებზე,ხის მერქანსა თუ ფოლადის ნაჭრებზე.თუმცა,ჩინეთში,ქაღალდის დამზადების ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად,კაცობრიობა მიდიოდა “წიგნის” შექმნის თანამედროვე სათავეებისაკენ.რაც უფრო მეტად ვითარდებოდა წიგნის წარმოება,მით უფრო მეტი მტერი უჩნდებოდა ამ ღვთისაგან მოვლენილ უდიდეს განძს და იქცა კიდეც იგი,”თანამონაწილედ” მრავალი “დანაშაულისა”.
პირველი ისტორიულად დადასტურებული ფაქტი წიგნების და ზოგადად ხელნაწერების დაწვისა,განხორციელდა ცინის სამეფოს ოდიოზური მმართველისა და დიდი რეფორმატორის – ცინ შიხუანდის (ძვ.წ.აღ-ით 259-210 წლები) მმართველობისას.უმნიშვნელოვანესი ჩინური “ისტორიული ჩანაწერების” – “ში ძის” (ჩინურ კულტურასა და ისტორიაში ისეთივე დანიშნულების მატარებელი გახლდათ,როგორც ჰეროდოტეს – “ისტორია”) მიხედვით ირკვევა,რომ ცინ შიხუანდის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მინისტრის,უდიდესი კალიგრაფისა და ლეგიზმის მხარდამჭერის – ლი სის (ძვ.წ.აღ-ით 280-208 წლები) პირადი ინიციატივით, ძვ.წ.აღ-ით 213-212 წლებში მოეწყო მაშტაბური სახელმწიფო აქცია ახლად დაარსებული ქვეყნის არქივების (ცინის არქივების გარდა),წიგნების,ხელნაწერებისა და მწერლების გასანადგურებლად. ძვ.წ.აღ-ით 212 წელს სიკვდილით დასჯილ იქნა 460 მწერალი და განადგურდა ქვეყანაში არსებული თითქმის ყველა წიგნი.ზოგიერთი წყაროს ცნობით,ამ საშინელ აქტს,იმ პერიოდში დაწერილი,მხოლოდ 100-დან 200-მდე წიგნი გადაურჩა.ლი სის ბრძანებით ისჯებოდა არა მარტო მწერლები და წიგნები,არამედ მათი შექმნის ოსტატებიც.”დამნაშავე წიგნებს”,ძირითადად წვავდნენ,გლეჯდნენ,მარხავდნენ და მდინარეებში ძირავდნენ.აღნიშნულმა მოვლენამ უაღრესად უარყოფითი კვალი დაამჩნია ჩინურ ლიტერატურას,კულტურასა და ისტორიას.
მას შემდეგ,წიგნებზე “ნადირობა” ერთგვარ ტრადიციად ჩამოყალიბდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში.წიგნების განადგურებისა და დაწვის შესახებ, 35 წელს ინფორმაცია მოგვაწოდა – პავლე მოციქულმაც.დროთა განმავლობაში,წიგნები “მტრებად” იქცნენ უამრავი პოლიტიკოსის,რელიგიური ორგანიზაციებისა და სხვათა მიმართ.შესაბამისად,ძალაუფლების მქონე უამრავმა მოკვდავმა,”უკვდავების” (წიგნის) განადგურებით გადაწყვიტა მათ წინაშე არსებული პრობლემების გადაწყვეტა. 680 წელს,კონსტანტინოპოლის მესამე საეკლესიო კრებამ დაადგინა,რომ ის წიგნები,რომლებიც შეურაცხყოფდნენ რიგ ქრისტიანულ რელიგიურ დოგმებს,განადგურებას დაქვემდებარებოდა,ხოლო მათი ავტორები კი ანათემას გადასცემოდა. 787 წელს,ნიკეის მეორე საეკლესიო კრებაზე კი გადაწყდა,რომ აღნიშნული პრობლემის გადაწყვეტა პირადად ევალებოდა კონსტანტინოპოლის ეპისკოპოსს.
“წიგნებზე ნადირობამ”,განსაკუთრებით მასიური სახე,შუა საუკუნეების კათოლიკურ სამყაროში მიიღო.სწორედ იმ პერიოდში იქნა საჯაროდ დამწვარი იუდეველთა წმინდა წიგნი და დიდი იუდეველი რაბინების მიერ შედგენილი მოძღვრების კრებული -”თალმუდი”. მარტო XVI საუკუნეში,”თალმუდის” საჯარო დაწვის ექვსი შემთხვევა დაფიქსირდა. 1494-დან 1498 წლის ჩათვლით,ფლორენციის დიქტატორმა მმართველმა და დომინიკელმა სასულიერო პირმა – ჯიროლამო სავონაროლამ (1452-1498 წლები),საჯაროდ დაადგინა,რომ ფლორენციელთათვის ჩამორთმეული ისეთი სახის წიგნები,როგორებიც იყო – ჯოვანო ბოკაჩოს მიერ დაწერილი ნოველების კრებული – “დეკამერონი”,ოვიდიუსისა და სხვათა წიგნები – “ამაოების კოცონებზე” დაეწვათ.ცნობილია ისიც,რომ იმ პერიოდში გენიალურმა იტალიელმა მხატვარმა – სანდრო ბოტიჩელიმ,საკუთარი ხელით შეუძახა “ამაოების კოცონში” თავისი უნიკალური შედევრი-სურათები,რომლებზეც აღბეჭდილი იყო მითოლოგიური სიუჟეტები.
1499 წელს,ცნობილმა ესპანელმა კარდინალმა და ეპისკოპოსმა – ხიმენეს დე სისნეროსმა,ბრძანება გასცა სრულიად გაენადგურებინათ და დაეწვათ ქვეყანაში არსებული ყველა არაბული მანუსკიპტრა,მათ შორის სამედიცინო დანიშნულებისაც. (ავტორი გენია.ჯი) მრავალი ძალაუფლების მქონე საერო და სასულიერო პირი ებრძოდა “წიგნებს”.იმ შემთხვევაში,თუ ინკვიზიცია “ერესული” ჟანრის წიგნების ავტორებს ვერ მოიხელთებდა,მათ წიგნებს საჯაროდ და საჩვენებელი დასჯის სახით წვავდა კოცონებზე.სწორედ ინკვიზიციის ზეობის პერიოდში იქნა განადგურებული,ებრაული წარმომავლობის მქონე დიდი არაბი ფილოსოფოსისა და ღვთისმეტყველის – მაიმონიდის (1138-1204 წლები) მეტად საინტერესო თხზულებები.
წიგნების დაწვის პრაქტიკა მეტ-ნაკლებად დანერგილი იყო ებრაულ საზოგადოებაშიც. XVIII საუკუნეში მათ მიერ განადგურებულ იქნა დიდი ებრაელი ფილოსოფოსის,კაბალისტისა და რაბინის – მოშე ხაიმ ლუცატოსა და ებრაული წარმომავლობის მქონე დიდი გერმანელი ფილოსოფოსის – მოზეს მენდელსონის ის ნაწარმოებები,რომლებიც ერესში იყვნენ “ბრალდებული”.
წიგნების დაწვის ტრადიციას ფეხი გადგმული ჰქონდა “ბუდიზმშიც”.მათ მიერ არაერთი სუტრა და სხვა სახის ნაწარმოებები იქნა კოცონზე დაფერფლილი.თუმცა იყვნენ ისეთი ავტორებიც,რომლებიც თავად ითხოვდნენ მათივე ქმნილებების განადგურებას.მაგალითად,ჩან-ბუდიზმის პირველი პატრიარქი – ბოდჰიდჰარმა (V-VI საუკუნეები).
“წიგნებზე ნადირობის” განსაკუთრებული შემთხვევები ევროპაში,კერძოდ გერმანიაში – “ფაშიზმის” გავრცელებას მოჰყვა.საყოველთაოდ ცნობილი წიგნების საჯაროდ დაწვის აქცია 1933 წლის 10 მაისს განხორციელდა და შემდგომ,კიდევ არაერთხელ დაფიქსირდა.ფაშისტების მიერ,განადგურებულ იქნა ისეთი გენიოსების ქმნილებები,როგორებიც გახლდნენ – ზიგმუნდ ფროიდი,შტეფან ცვაიგი,ჰაინრიხ ჰაინე,კურტ ტუხოლსკი და სხვები. 1995 წელს,ბერლინის ცენტრში,იმ ადგილას სადაც ნაცისტებმა გაანადგურეს უნიკალური წიგნები,დიდი ებრაელი მხატვრისა და მოქანდაკის – მიხა ულმანის მიერ დადგმულ იქნა ძეგლი,რომელიც აღნიშნულ მოვლენას ეხება.
გარდა გერმანიისა,წიგნების მასიური განადგურება მიმდინარეობდა რუმინეთშიც,მოლდავეთსა და დნესტრისპირეთის რიგ რეგიონებშიც.მარტო კიშინიოვში განადგურებულ იქნა 1 200 000 ტომი წიგნი.ბესარაბიაში მდებარე – ბელეცკი უეზდში კი,15 ვაგონი წიგნი დაუქვემდებარეს განადგურებას.
წიგნების განსაკუთრებული ცენზურა არსებობდა “წითელ იმპერიაშიც”.ამის თვალნათელი მაგალითი ჩვენი სამშობლო – საქართველოა,სადაც კომუნისტების მიერ არაერთი დიდი ქართველი პატრიოტი მწერალი იქნა განადგურებული.მათი წიგნები კი აკრძალული.მათ შორის აკრძალული იყო – მიხეილ ჯავახიშვილისა და სხვათა შემომედება (ცნობილია,რომ ცენზურას ექვემდებარებოდა ალექსანდრე ყაზბეგის რიგი ნაწარმოებებიც,რომელთა ნაწილმაც ჩვენამდე,სტამბის მუშების დიდი სიმამაცის წყალობით მოაღწია).
“წიგნების განადგურების” ბარბაროსული ფაქტები,საუბედუროდ დღემდე გრძელდება ჩვენს სამყაროში.წვავენ რელიგიურ,ლიტერატურულ და სხვა ჟანრის წიგნებს,რაც იმ თავითვე გვახსენებს გენიალური გერმანელი პოეტის – ჰაინრიხ ჰაინეს უკვდავ სიტყვებს: ”იქ,სადაც წვავენ წიგნებს,საბოლოოდ,ადამიანებსაც დაწვავენ!” (ავტორი გენია.ჯი)