“კულტურული რევოლუციის” შესახებ…
“კულტურული რევოლუციის” ფარგლებში განხორციელებულ მეორე სახის ძალადობას ჩინეთში არავინ ხელმძღვანელობდა.თუმცა მისი პირველი ეტაპის მსხვერპლთა ზუსტი რაოდენობა დღემდე დაუდგენელია. (ავტორი გენია.ჯი) ჩინეთის კომუნისტური პარტიის თავჯდომარის მაო ძედუნის ცნობილი გამონათქვამები ყველა ქალაქის ყველა ქუჩაზე უნდა ყოფილიყო გამოკრული; გარდა ამისა,ყველა გზაჯვარედინსა და პარკში უნდა დამონტაჟებულიყო დინამიკები,რომელთა საშუალებით “მაოს იდეების” ტრანსლირება მოხდებოდა; მაოს ფოტოები ყველა ოჯახში უნდა ყოფილიყო კედელზე გაკრული,ისევე,როგორც ყველა ავტობუსში,მატარებელში და ველოსიპედებზეც კი; მატარებლების ბილეთების აღებისას ნებისმიერ პიროვნებას მაოს რომელიმე იდეა უნდა წარმოეთქვა; არავის ჰქონდა უფლება,ლურჯი ჯინსი,ვიწრო შარვალი ან “ქალის უცნაური სამოსი” ჩაეცვა,ჰქონოდა “პრიალა ვარცხნილობა”,გამოეყენებინა სუნამო ან სხვა პარფიუმერია.იკრძალებოდა შინაური ცხოველების ყოლა,მათ შორის თევზების,კატების,ძაღლების ან მოჩხუბარი მამლების.არც ერთ წიგნის მაღაზიას არ ჰქონდა კლასიკური ლიტერატურის გაყიდვის უფლება; ყველას,ვისაც მასები მემარჯვენეებად,კაპიტალისტებად,მიწათმფლობელებად და ხულიგნებად ამხელდნენ,სპეციალურ წარწერას კისერზე ჰკიდებდნენ და ისე უნდა ევლოთ ქუჩაში; თითოეულ ოთახში მინიმუმ სამ ადამიანს უნდა ეცხოვრა და თავისუფლად დარჩენილი ოთახები სახელმწიფოს უნდა გადასცემოდა; ბავშვებს მოურიდებლად უნდა გაეკრიტიკებინათ უფროსები,სტუდენტებს კი თავიანთი პედაგოგები; ოცდათხუთმეტი წლის ასაკამდე არავის შეეძლო თამბაქოს მოწევა და ალკოჰოლის დალევა; სამედიცინო მომსახურება მარტივდებოდა და ყველანაირი სახის რთული მკურნალობა უქმდებოდა; ექიმებს რეცეპტი გარკვეული ხელით უნდა დაეწერათ და არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამოეყენებინათ ინგლისური სიტყვები; (ავტორი გენია.ჯი) ყველა სკოლაში და კოლეჯში,სასწავლო პროცესთან ერთად,სტუდენტებს ფიზიკური სამუშაოც უნდა შეესრულებინათ.
“კულტურულ რევოლუციას” ჩინეთში (1966-1976 წლებში),სავარაუდოდ რამდენიმე მილიონი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.ზოგი მოკლეს,ზოგმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა,ბევრი კი,ემოციურად თუ ფიზიკურად სამუდამოდ დასახიჩრდა.ზოგიერთებს სხვადასხვა “დანაშაულის” გამო დევნიდნენ,მაგალითად,იმისთვის,რომ უცხოელებს იცნობდნენ,სახლში უცხოურ წიგნებს ან ნივთებს აჩერებდნენ,კლასიკური განათლება ჰქონდათ მიღებული,ზედმეტად მკაცრი პედაგოგები იყვნენ ან თავიანთი რაიმე უმნიშვნელო გამონათქვამით მაო ან პარტია დააკნინეს.ბავშვები მშობლების ან ბებია-ბაბუების გამო ზარალდებოდნენ.მსგავსი ბრალდების თავიდან ასაცილებლად ისინი ხშირად უჩვეულო “რევოლუციურ აღტკინებას” იჩენდნენ,მაგალითად,მშობლების ოთახებს არბევდნენ,სკოლებში მასწავლებლებს სცემდნენ ან სასაზღვრო რეგიონებში მიდიოდნენ,რათა “ხალხის სამსახურში ჩამდგარიყვნენ” და “მასებისგან მეტი ესწავლათ”.ბევრმა ადამიანმა თავის სახლში ხელოვნების სხვადასხვა ნიმუში გაანადგურა,საოჯახო ფოტოები,ალბომები და წერილები დაწვა – ყველაფერი,რაც “წითელ გვარდიას” შეიძლებოდა მათ წინააღმდეგ გამოეყენებინა.თავად ჯგუფები ერთმანეთს უპირისპირდებოდნენ,ქალაქების,უბნების კლასობრივი კუთვნილების ან განათლების მიხედვით იყვნენ დაყოფილი.მსგავსი რამ მშენებლებს,პროფკავშირების წევრებსა და ციხის ზედამხედველებს შორისაც ხდებოდა.
ტანანმენის მოედნის ტრიბუნაზე მდგომ ტანმორჩილ პიროვნებას,რომელიც ასიათასობით შეკრებილს დინჯად უქნევდა ხელს და წითელი დროშების ზღვას გადაჰყურებდა,წარმოდგენაც კი არ ჰქონდა,რა ხდებოდა ამ “ერთგული” ადამიანების გონებაში.ისიც საკმარისი იყო,რო ეს ხალხი მის წინ იდგა,მღეროდა და სიხარულის ცრემლებს ღვრიდა; სრულიად საკმარისი იყო,რომ,როგორც იქნა,ის მათი დიდი მარჩენალი,დიდი მასწავლებელი და დიდი ლიდერი გახდა,რომ მათ გულებში ის – “წითელი მზე” იყო. (ავტორი გენია.ჯი)