იოსებ გრიშაშვილი – “შენი ყელი”

შენი ყელი… ამბობენ,რომ შენი სწორი ყელი

ლერწამია შარბათისა ძველი,მაშრიყელი.

არა! უფრო ამსგავსებენ…

***

რას არვიცი,თუ რას:

მარმარილოს ცისარტყელას,თუ სადაფის სურას?!

მე კი… მე კი გამოვძებნი სურათს ჯერ არყოფილს:

შენი ყელი მე მაგონებს გედის ათლილ პროფილს.

***

ორჯერ გნახე! და ორჯერვე ისე ავკეკლუცდი,

რომ ბუნებრივ სიკვდილს,ჩემო,რა ვქნა აღარ ვუცდი.

მსურს გიმზირო და ამ მზერით გაგარჩიო სხვაში,

რომ გავქვავდე,როგორც ბუზი მარგალიტის ქვაში.

***

აი,ეხლაც თეატრში ხარ… და თეატრის სკამებს

შენი ყელის არემარე მორცხვად აკამკამებს.

ისე ნაზად აძლევს სალამს ყველას… ყველას… ყველას…

რომ წარბების მათრახებით ჰხატავ ცისარტყელას;

***

და ლოტრენის ორი მინა ისე ხარბად მზერავს,

რომ არ ვიცი,რით გავუძლო მაგ ჯადოსნურ მზერას.

ისე გშვენის მძივ-გულქანდა ყელზე მონართავი,

რომ.. ახ,ნეტა,მე შენს ყელზე ჩამოვიხრჩო თავი…