მერაბ კოსტავა წერდა…

“თუკი სიკვდილი მართლაც ჩვენი დაა,რად არ გვახსოვს ჩვენი წინა ცხოვრებები ისევე,როგორც გვახსოვს ჩვენი გუშინდელი,გუშინწინდელი,ან  თუგინდ შარშანდელი დღე? მაგრამ განა კი გვახსოვს ადრეული ბავშვობის დღეები და ან ჩვენი დაბადება? თუკი ხსოვნა და მეხსიერება ჩინებული რამაა წარსულის აწმყოსთან გასამთლიანებლად,გარკვეული თვალსაზრისით,დავიწყებასაც გააჩნია თავისი დადებითი მხარე.ყოველ წუთს რომ ყველაფერი გვახსოვდეს,მეხსიერებას გამორთვის უნარი არ გააჩნდეს,მაშინ მხოლოდ წარსულში ვიცხოვრებდით და აწმყოში ვეღარ ვიმოქმედებდით,ვეღარ ვიაქტიურებდით,მეხსიერებითი პროცესებიდან ანალიტიკურ და სინთეზურ პროცესებზე ვეღარ გადავრთავდით აზროვნებას”.

****

“კარგია,როცა გვჯერა,რომ უკვდავნი ვართ და ეს ერთადერთი ცხოვრება დედამიწაზე,ჩვენ რომ გვენიჭება,ამსოფლიურ ამაოებათა მოხვეჭას კი არ უნდა მოვახმაროთ,თან რომ ვერ წავიღებთ,არამედ იმ მარადიულ ღირებულებებთან ზიარებას,ჩვენს მარადიულ საგზლად,ჩვენივე სულის უკვდავ ნაწილად რომ იქცევა,იმსოფლადაც მიგვეყვება და აქაც ჭეშმარიტების სამსახურში გვაყენებს”.

***

“მოყვასის სიყვარული თუნდაც იმიტომ არის ღვთის სიყვარულის საწინდარი,რომ ადამიანთა შორის,თანასწორთა შორის დამყარებულმა ჰარმონიამ უნდა აღმოაცენოს მომავალში ახალი სულიერი იერარქია,რომელშიც საბოლოოდ აირეკლება უზენაესი შემოქმედის უმთავრესი თვისება – თავისუფლება”.

***

“სიყვარულს – სწრაფვის,მიზიდულობისა და ურთიერთკავშირების დაუცხრომელ ძალას – წინ ვერაფერი დაუდგება,ვერაფერი შეაჩერებს ადამიანში მის განუწყვეტელ ევოლუციას.სიკვდილ-სიცოცხლის იდუმალებით მოცულ ზღუდეს საცნაურყოფს და მოარღვევს იგი როდესმე,როცა ადამიანთა,მოყვასთა მიმართ სიყვარული იმდენად გაიზრდება,რომ საიქიოს კარიბჭეც ვეღარ შეაკავებს ფიზიკურ სხეულში მყოფთა და გარდაცვლილთა ერთმანეთისკენ სწრაფვას”. (ავტორი გენია.ჯი)

***

“მხოლოდ სულის უკვდავების რეალობა ანიჭებს ადამიანს და მის დედამიწაზე ცხოვრებას ჭეშმარიტ ღირებულებას.მხოლოდ მას ძალუძს ადამიანისთვის ძვირფასი ღირებულებების გამარადიულება.ამ იდეის დამკვიდრებით ენიჭება ადამიანს მოყვასისადმი მართებული დამოკიდებულების შესაძლებლობა,რადგან სხვა ადამიანებიც თავინათი ნამდვილი განზომილებით,თავიანთი უკვდავი ბუნებით წარმოჩინდებიან მის წინაშე.მხოლოდ ამის შემდეგ დაიკავებს დედამიწაზე ყოველი მოვლენა თუ საგანი მისთვის განკუთვნილ ადგილს,მხოლოდ ამის შემდეგ გახდება შესაძლებელი უმნიშვნელოსაგან უმთავრესის გამორჩევა და ადამიანის დანიშნულების მართებული გაგება.აქ გარკვეული უკუქმედებაც უნდა გავითვალისწინოთ.თუკი სულის უკვდავების რეალობა ანიჭებს მარადიულობას იმგვარ ღირებულებებს,როგორიცაა სიყვარული,სინდისი,სამართლიანობა,სიბრძნე,მშვენიერების გრძნობა და ასე შემდეგ,ადამიანში ამ ღირებულებათა ევოლუციას სულის უკვდავების იდეამდე მიჰყავს იგი”. (ავტორი გენია.ჯი)