ელგუჯა ამაშუკელი – “ქართლის დედის” შესახებ…
“…შემოქმედებითი ცხოვრების გზაზე სიხარულთან ერთად ბევრი ტკივილიც განმიცდია.ვიდრე ჩემს ამა თუ იმ მხატვრულ ჩანაფიქრს ხორცს შევასხამდი,არა ერთი და ორი წინააღმდეგობა გადამილახავს… საერთოდ,ადამიანი ნათელი დღეებით ცოცხლობს,ბოროტს,ცუდს,უსიამოვნოს ის მალე ივიწყებს,თუმცა,არის მოვლენები,რომლებიც ჩვენს მეხსიერებაში ისე მძაფრადაა ჩაკირული,რომ არ ჩამოიშლება.პირველი დიდი უსიამოვნება “ქართლის დედის” მონუმენტს უკავშირდება.ეს ქანდაკება თბილისის 1500 წლის საზეიმო დღეებში, 1958 წელს შევქმენი და მას “დედაქალაქი” ვუწოდე,”ქართლის დედა” ხალხმა შეარქვა მოგვიანებით. (ავტორი გენია.ჯი) ქანდაკებაში ხმლისა და თასის აქსესუარი გამოხატულებაა არა მრავალშვილიანი ქართველი დედის ბუნებისა,არამედ,ჩვენი დედაქალაქის – თბილისის ისტორიული ხვედრისა – ათასი ჯურის მტრებთან გაუთავებელი ბრძოლებისა და კეთილი გრძნობით მოსულ სტუმართან ურთიერთობისა.მისი რეპროდუქცია მსოფლიოს არაერთმა ჟურნალმა დაბეჭდა.რაც უფრო იზრდებოდა ქანდაკების პოპულარობა,მით უფრო კრიტიკული ხდებოდა მისდამი დამოკიდებულება.შემატყობინეს: თბილისის საქალაქო კომიტეტის მდივანი,გიორგი გეგეშიძე გიბარებსო.თბილად მიმიღო.კომკავშირის ხეივანში რომ ძეგლი დგას “ქართლის დედა”,უნდა მოვხსნათ! – მითხრა მან და თვალებში შემომხედა.მოულოდნელობისაგან ელდა მეცა,ფერი დავკარგე.არა,კი არ მოვხსნათ,სხვაგან გადავიტანოთ! მაგალითად,მახათას მთაზე! – შეასწორა ნათქვამი, – წინააღმდეგი ხომ არ იქნები? – რატომ,ბატონო გიორგი? – ვკითხე.არის ასეთი აზრი! მოვხსნათ და მახათას მთაზე დავდგათ,უფრო მაღალ კვარცხლბეკზე! სადაც დგას,ის ადგილი რატომ არის ცუდი? არა,ცუდი არ არის,მაგრამ,არის აზრი,რომ ეს მონუმენტი რუსთაველის პროსპექტიდან ხელს უშლის ლენინის ძეგლის ნორმალურად აღქმას.ნათქვამი ვერ გავიგე და ბატონ გიორგის მორიდებით კვლავ გავუმეორე – რაში გამოიხატება ხელის შეშლა? მან არაფერი მიპასუხა,გამოაღო მაგიდის უჯრა,ამოიღო რუსთაველის პროსპექტიდან გადაღებული ფოტო – ლენინის ძეგლი “ქართლის დედის” ფონზე და წინ დამიდო.უეცრად ვერ გავაცნობიერე ვერც ნათქვამი და ვერც ფოტო,მაგრამ,როცა სურათს ყურადღებით დავაცქერდი,უმალ მივხვდი თუ რას ნიშნავდა ყოველივე ეს.ვიღაცას ჩემი ნამუშევარი “ქართლის დედა” სპეციალურად ისეთი წერტილიდან გადაუღია,რომ ქანდაკება ბელადს კისერზე ხმლით ებჯინებოდა.ყველაფერს მივხვდი.ბატონმა გიორგიმ ფოტო გამომართვა,უჯრაში ჩადო და საუბარი განაგრძო.გადავიტანოთ და დავდგათ,როგორც გითხარი,უფრო მაღალ ფუძეზე.თქვენ დარწმუნებული ბრძანდებით,ბატონო გიორგი,რომ მახათას მთაზე გადატანილი ეს ქანდაკება აღარავის შეუშლის ხელს? ლენინის ძეგლი აქ არაფერ შუაშია,როგორც ჩანს,ვიღაცაებს საერთოდ ხელს უშლის ამ ქანდაკების არსებობა,თორემ,გეომეტრიის ელემენტარული კანონით,ორი წერტილის დამთხვევა ყველგან შეიძლება.ღრმად ვარ დარწმუნებული,მახათას მთაზეც და მცხეთაშიც რომ წაიღოთ,ამის გადამღები იქაც მოძებნის სასურველ წერტილს სურათის გადასაღებად.ბატონი გიორგი ყურადღებით მისმენდა.უჯრა გამოაღო,აღელვებულმა ისევ მაგრად მიხურა და უმისამართოდ თუ მისამართით ისე გულიანად შეიგინა,მსგავსი გინება მაღალი თანამდებობის პირისაგან კი არა,მძღოლისაგანაც არ გამიგონია.ნუ მიქაცევ ყურადღებას! იმუშავე! თუ რაიმე წინააღმდეგობა შეგხვდება,მოსვლა ნუ მოგერიდება! – მითხრა მან და კარებამდე გამომაცილა. (ავტორი გენია.ჯი)