უილიამ შექსპირი – “სონეტი XXIX”
მარტო რომ ვრჩები,როცა ვწყევლი საკუთარ თავბედს,
რომ არ ვახსოვარ აღარც ხალხს და აღარც განგებას,
ხმით რომ გავძახი სამყაროზე გადმომდგარ თაღებს
და რომ აღარსად აღარავინ ცდილობს გაგებას.
***
რომ მენატრება თუნდაც ერთი კეთილი სიტყვა,
რომ თავის მსგავსებს განდგომია ჩემი არსება,
ხელოვნებაში რომ სათქმელი უჩემოდ ითქვა
და მალე ყოფნა არყოფნას რომ დაემსგავსება.
***
მაშინ იმითღა გავურბივარ შემზარავ ფიქრებს,
რომ შენ გიხსენებ,რომ თენდება ღამე ტიალი,
ტოროლასავით ეს სიცოცხლე ძალას რომ იკრეფს
და ცას მიარღვევს ჩემის სულის ორომტრიალი…
***
ის მიჯობს თვალწინ შენი სახე მედგას მზესავით,
ვიდრე წყვდიადში ვბატონობდე ხელმწიფესავით…